ფორდი, ჯენერალ მოტორსი, ტარიფები, მერი ბარა
Aa
Aa

ტარიფები გაუქმდა | ავტომწარმოებლები მილიონობით დოლარის უკან დაბრუნებისთვის ემზადებიან

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პირველი პირის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფები უკანონოდ სცნო, ამერიკულ ავტომწარმოებლებს მიეცათ იმედი, რომ ტარიფებზე დახარჯული თანხის უკან დაბრუნებას შეძლებდნენ. ასანაზღაურებელი თანხები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, თუმცა კონკრეტული ავტომწარმოებლების შემთხვევაში მილიარდობით ამერიკულ დოლარსაც აღწევს. ეს უკანასკნელი კი მათ წლიური შემოსავლის პროგნოზებსაც დადებითად წაადგება.

მაგალითად, General Motors-მა კვარტალური შემოსავლების წარდგენისას განაცხადა, რომ გაუქმებული სატარიფო გადასახადებიდან ავტომწარმოებელი სავარაუდოდ $500 მილიონს დაიბრუნებს. შედეგად, ამერიკული კომპანია თუ $13.5 მილიარდის წლიური შემოსავლის მიღებას ვარაუდობდა, ახლა ეს პროგნოზი $15.5 მილიარდამდე გაიზრდება. GM-ის აღმასრულებელი დირექტორის, მერი ბარას შეფასებით, კომპანიას საკმაოდ დინამიკურ პერიოდში უწევს ოპერირება, თუმცა მაინც ახერხებს, რომ სტაბილური ზრდა შეინარჩუნოს.

General Motors-ი ერთადერთი არაა, რომელმაც ტარიფებიდან ანაზღაურების მიღებაზე მოლოდინები გამოთქვა. ამერიკული Ford-ის პროგნოზით, ტარიფების უკანონოდ ცნობის შემდეგ მან $1.3 მილიარდის დაბრუნება უნდა შეძლოს. შედეგად, ავტომწარმოებელმა წლიური შემოსავლის პროგნოზიც $8.5 მილიარდიდან $10.5 მილიარდამდე გაზარდა. ამის მიუხედავადაც, Ford-ი ვარაუდობს, რომ წლის განმავლობაში ტარიფების სახით სულ მცირე $1 მილიარდს მაინც იზარალებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფები — რაც ყველა ქვეყნიდან იმპორტზე უნივერსალურ 10%-იან გადასახადს გულისხმობდა — უკანონოდ სცნო. შედეგად, გაჩნდა ვალდებულება, რომ დაახლოებით 300,000 ამერიკულ იმპორტიორს ეს თანხები უკან დაუბრუნდეს. რა თქმა უნდა, საუბარი მხოლოდ ავტომწარმოებლებზე არ გვაქვს.

ამის მიუხედავად, ანალიტიკოსების პროგნოზებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თანხების ანაზღაურება პირდაპირ მომხმარებლებზე აისახოს. უფრო მეტიც, დარგის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ უახლოეს პერიოდში არც პროდუქციაზე ფასის კლებას უნდა ველოდოთ.

მთავარი ფოტო: Andrew Angelov / Shutterstock.com.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები