ქურდობა, ჰონდა, ტოიოტა, ავტონაწილები
Aa
Aa

ნიუ-იორკში ავტონაწილების ქურდობის $1.2-მილიონი სქემა გამოავლინეს: მთავარი სამიზნეები Honda და Toyota იყო

ნიუ-იორკი ძალიან მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისია და კრიმინალის დონეც საკმაოდ მაღალია. რამდენიმე კვირის წინ ადგილობრივმა სამართალდამცველებმა კიდევ ერთი დაჯგუფება გამოავლინეს, რომელსაც მილიონობით დოლარის დანაშაულებრივი სქემა უკავშირდება — მათ 252 ქურდობასა და, ჯამში, 971 სხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებას ედავებიან.

Norwood News-ის ცნობით, ისინი მიზანმიმართულად ირჩევდნენ ისეთი გავრცელებული მარკების მოდელებს, როგორებიცაა Honda და Toyota. ამის უკან ერთი მარტივი მიზეზი დგას: ეგზოტიკურ და ბევრად ძვირად ღირებულ ავტომობილებთან შედარებით, ბაზარზე ამ ავტომობილების რეალიზაცია ბევრად უფრო მარტივია, მოპარვის შემდეგ მათი მიკვლევა კი — თითქმის შეუძლებელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებას შუაღამისას, 5 საათისთვის იწყებდა. გადაადგილებისთვის ისინი ასევე მოპარულ ავტომობილებს იყენებდნენ. პოლიციელების ინფორმაციით, ამ პერიოდში ქურდებმა 11 მანქანა და მინიმუმ 69 ერთეული კატალიზატორი მოიპარეს, 172 ავტომობილს კი დისკები და საბურავები მოხსნეს. ჯამში მიყენებულმა ზარალმა $720 000-ს გადააჭარბა, ხოლო მოპარული ქონების საერთო ღირებულება $1.2 მილიონს აღემატებოდა. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი თანხაა იმის გათვალისწინებით, რომ კრიმინალური დაჯგუფება სულ 16 პირისგან შედგებოდა.

ცნობისთვის, მთლიანი ავტომობილებისგან განსხვავებით, ისეთი ტიპის ნაწილებს, როგორებიც საბურავები და კატალიზატორებია, ამომცნობი ნიშნები თითქმის არ გააჩნიათ. ეს კი მოპარვის შემდგომ მათ პოვნას ძალიან ართულებს. გამომდინარე აქედან, მოპარული საქონელი ონლაინ პლატფორმებზე თითქმის უპრობლემოდ იყიდებოდა.

გამომძიებლების თქმით, ქურდები ავტომობილებს დაშლამდე ან დაშლის შემდეგ საჯარო პარკინგებზე მალავდნენ. ერთ-ერთი რეიდის დროს პოლიციამ ჩემოდნებიც ამოიღო, რომლებშიც 100 000 აშშ დოლარზე მეტი ნაღდი ფული აღმოაჩინეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ისაა, რომ ამ შემთხვევაში ქურდების „წარმატება“ გავრცელებული და ზოგისთვის „მოსაწყენი“ ავტომობილების მიზანში ამოღებამ განაპირობა. წესით, ეგზოტიკური და ძვირად ღირებული მანქანების შერჩევა მათ იმავე შედეგს არ მოუტანდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები