Volkswagen-ი ჩინეთიდან ევროპაში ავტომობილების გაყიდვას იწყებს?
Volkswagen-ი ათწლეულების შემდეგ თავისი სტრატეგიის შეცვლაზე დაფიქრდა და არსებული ფინანსური გამოწვევების ფონზე ჩინეთში წარმოებული ავტომობილების ევროპის ბაზარზე გაყიდვას განიხილავს. თუმცა ერთი პირობით: ამ ავტომობილების აწყობა საბოლოოდ გერმანიის ქარხნებში უნდა დასრულდეს. ეჭვგარეშეა, რომ თუ გერმანული გიგანტი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს განხილვის თემად იქცევა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ Volkswagen-ში ამჟამად ფინანსურად არ ულხინთ და თავის გადასარჩენად, შესაძლოა, გარკვეულ დათმობებზეც მოუწიოს წასვლა.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
სხვა დასავლური მარკების მსგავსად, ჩინეთში თავის დამკვიდრება და ადგილობრივი ავტომწარმოებლებისთვის კონკურენციის გაწევა უჭირს. ამავდროულად კი, საერთაშორისო ტარიფებსა და გაზრდილ ხარჯებს ებრძვის. კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ წლიური წარმოების 1 მილიონი ერთეულით შემცირებას გეგმავს, რადგან იმ რაოდენობის ავტომობილი, რამდენსაც ისინი ერთ წელიწადში უშვებენ, უბრალოდ სრულად არ იყიდება.
პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ ბლუმმა, დამსწრეებს განუცხადა, რომ მომავალში ჩინეთში კონკურენციის გამძაფრებაა მოსალოდნელი. შედეგად კი, ავტომწარმოებელი შესაძლოა იძულებული გახდეს, ჩინეთში წარმოებული ავტომობილების გაყიდვა ევროპაში დაიწყოს.

„შევისწავლით, თუ ჩინეთში წარმოებული რომელი პროდუქტი მოერგება ყველაზე კარგად ევროპული ბაზრის მოთხოვნებს, განსაკუთრებით კი იმ სეგმენტებს, რომლებშიც ჩვენ ევროპაში ამჟამინდელი პორტფოლიოთი არ ვართ წარმოდგენილი. ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, პროცესი არ დაგვიწყია და, შესაბამისად, არც გადაწყვეტილება მიგვიღია“, — თქვა ბლუმმა.
ბლუმმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი ჩინეთში წარმოებული ავტომობილების აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკის ბაზარზე გაყიდვაა. ევროპა კი, შესაძლოა, სამომავლო სტრატეგიაში მხოლოდ კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს, თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.