ფორდ მუსტანგი, მუსტანგი, ფორდი თი5, სავაჭრო ნიშანი
Aa
Aa

Ford-მა Mustang-ის სახელში $10 000 არ გადაიხადა | Mustang-ი გერმანულ ბაზარზე

ის, რასაც ახლა ხედავთ, ტექნიკურად 1966 წლის Ford Mustang-ია, თუმცა მის მიღმა ერთი ძალიან საინტერესო ისტორია იმალება.

მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება ავტომობილი, რომელსაც ისეთივე კულტურული გავლენა აქვს, როგორიც Mustang-ს. თუმცა, შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ არსებობს ამ მოდელის ვერსიები, რომლებსაც ეს სახელი ოფიციალურად არასდროს უტარებიათ. ამის მიზეზი კი ნახევარი საუკუნის წინ მომხდარი უჩვეულო ბიზნესდავაა.

ისტორია 60-იანი წლებიდან იწყება, როდესაც Ford-მა ორიგინალი Mustang-ის გერმანიაში გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა მოულოდნელ წინააღმდეგობას წააწყდა. გერმანული ინდუსტრიული გიგანტი Krupp-ი იმ დროისთვის სასაქონლო ნიშან „Mustang“-ს უკვე ფლობდა, თუმცა მას მძიმე ტექნიკისთვის იყენებდა.

Krupp-მა Ford-ს სახელის უფლების გამოსყიდვა 10,000 დოლარად შესთავაზა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამერიკელებმა ამ თანხის გადახდაზე უარი განაცხადეს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, დღევანდელი კურსით ეს თანხა დაახლოებით 104,000 დოლარია. Ford-მა ჩათვალა, რომ ეს ზედმეტად ბევრი იყო და ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო.

კომპანიამ თავის საკულტო მოდელს გერმანული ბაზრისთვის სახელი შეუცვალა და ის Ford T5-ის სახელწოდებით გამოუშვა. ცნობისთვის, ეს დასახელება პირდაპირ Mustang-ის პროექტის შიდა კოდიდან — Project T5-დან აიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ „ხმამაღალი“ სახელი აკლდა, ტექნიკურად ეს მოდელი ამერიკული Mustang-ის სრულიად იდენტური იყო. განსხვავება მხოლოდ მცირე დეტალებსა და ემბლემებში გამოიხატებოდა.

ეს კონკრეტული 1966 წლის T5, რომელიც ამჟამად Bring a Trailer-ის აუქციონზეა გამოტანილი, აშშ-ში 1981 წელს დააბრუნეს, 2007 წელს კი სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. მოდელის გარბენი მხოლოდ 46,000 კილომეტრია, რაც ნამდვილი კოლექციონერებისთვის დამატებითი სტიმულია.

ავტომობილი თავდაპირველად შავ ფერში (Raven Black) იყო შეღებილი, თუმცა მოგვიანებით წითლად გადაღებეს. 2007 წლის რესტავრაციისას მოდელს კვლავ პირვანდელი ფერი დაუბრუნეს. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი კვლავ 14-დუიმიან ფოლადის დისკებზე დგას და BFGoodrich Silvertown-ის საბურავებშია „გახვეული“. ეს კონკრეტული ეგზემპლარი Special Handling-ის პაკეტითაა აღჭურვილი, რაც უფრო მძლავრ სტაბილიზატორებსა და მყარ ამორტიზატორებს გულისხმობს. 

ავტომობილის სალონი კი რეტროესთეტიკის ნამდვილი განსახიერებაა. რესტავრაციის ფარგლებში ინტერიერიც საფუძვლიანად განახლდა: პერგამენტისფერი ვინილის ტყავის სავარძლები, ქარხნული მაჩვენებელთა დაფა და ხის სამქიმიანი საჭე. შედეგად მივიღეთ მოდელი, რომელიც თავისი სიმარტივითა და მარადიული სტილით დღესაც კი შეუდარებელია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები