Tesla ყველა „იაფიან“ Cybertruck-ს (RWD) უკან გაიწვევს | ელექტროპიკაპებს მართვისას შესაძლოა ბორბლები მოძვრეთ
ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla თავის იაფიან, უკანაწამყვან Cybertruck-ებს უკან გაიწვევს — თანაც სრულად, 173-ვე ეგზემპლარს. უკან გაწვევის რაუნდი Tesla-მ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აღმოაჩინა, რომ მართვისას ელექტროპიკაპებს შესაძლოა ბორბლები მოძვრეთ.
ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
Tesla-ს განცხადებით, დაზიანებულმა გზებმა და მოსახვევებში წარმოქმნილმა დაწოლამ სამუხრუჭე დისკოებზე, კერძოდ იმ ადგილებში, სადაც ბორბლის სამაგრებია მოთავსებული, შესაძლოა ბზარების გაჩენა გამოიწვიოს. ბზარების გაღრმავების შედეგად კი არსებობს რისკი, რომ კერას ბორბლის სამაგრი სრულად გამოეყოს და ელექტრომობილი „შუა გზაში“ ბორბლის გარეშე დარჩეს. ცნობისთვის, ამ დროისთვის აღნიშნულ დეფექტთან დაკავშირებული საგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა საგარანტიო ვადების ფარგლებში Tesla-ს უკვე Cybertruck-ის (RWD) სამმა მძღოლმა მიმართა.

როგორც გითხარით, უკან გაწვევა ჯამში 173 მოდელს შეეხება, რომლებიც 2024 წლის 21 მარტიდან 2025 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდშია აწყობილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეფექტის არსებობის საფრთხე მხოლოდ უკანაწამყვან ვერსიებშია, რომლებიც საბაზისო, 18-დუიმიანი დისკებითაა აღჭურვილი. იმ მოდელებს, რომელთაც 20-დუიმიანი დისკები აქვთ, ეს პრობლემა არ ეხებათ.

Tesla-მ პოტენციური დეფექტი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში აღმოაჩინა — მაშინ, როდესაც ელექტროპიკაპი წარმოებამდელ ტესტირებას გადიოდა. სამუხრუჭე დისკების ბზარების აღმოჩენის მიუხედავად, Tesla-მ ყველაფერი ხელუხლებელი დატოვა, თუმცა შემდგომი გამოძიებებით დადგინდა, რომ საკითხი იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე თავდაპირველად კომპანიის გუნდი ვარაუდობდა. ცნობისთვის, დეფექტური ნაწილები ზოგიერთ სერვისცენტრშიც გამოიყენებოდა, ამიტომაც ყურადღება იმ მფლობელებსაც მართებთ, რომელთაც ელექტრომობილს მუხრუჭები სერვისცენტრში გამოუცვალეს.
ავტომობილების მფლობელები შეტყობინებებს 20 ივნისის შემდეგ მიიღებენ. მათ ელექტროპიკაპები სერვისცენტრში უნდა მიიყვანონ, სადაც ავტომობილებს წინა და უკანა სამუხრუჭე დისკოებს, მორგვებსა და ბორბლის ქანჩებს უფასოდ შეუცვლიან.