1 000 ცხ.ძ-იანი M3 სრულად ელექტროა და 552 ცხ.ძ-იანი M3-ის ფასი ღირს
BMW თავის ყველაზე ცნობილ სპორტულ სედანთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, უცნაურ სტრატეგიას ირჩევს. როგორც ირკვევა, ახალი მოდელის გამოსვლისას მყიდველები მის ორ — თუმცა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ — ვერსიას მიიღებენ. მკვეთრად განსხვავებული შესაძლებლობებით, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთი და იგივე ემბლემითა და თითქმის იდენტურ ფასად.
ახალი ანგარიშის თანახმად, გერმანული ავტომწარმოებელი გეგმავს, სრულიად ელექტრო და შიგაწვის ძრავაზე მომუშავე M3-ები ერთ საფასო კატეგორიაში გაყიდოს. შესაძლოა, ამ შეთავაზებამ ბევრი დააინტერესოს, თუმცა ალბათ ბევრიც გაკვირვებული დარჩება მას შემდეგ, რაც ამ მოდელების შესაძლებლობებზე უფრო მეტს მოგითხრობთ.

რას გვთავაზობს M3-ის თითოეული ვერსია რეალურად?
BMW-ის ახალი M3-ის ელექტროვერსია, რომელიც გერმანელებმა ოთხძრავიანი სისტემით აღჭურვეს, თითქმის 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა საბაზისო მოდელებში სიმძლავრე, სავარაუდოდ, 700-800 ცხენის ძალამდე დაიკლებს. პარალელურად კი გვაქვს შიგაწვის ძრავით შემოთავაზებული მოდელი, რომლისთვისაც BMW-მ ექვსცილინდრიანი, ერთრიგა ტვინტურბო ძრავა შეარჩია. აღნიშნული მოდელი mild-ჰიბრიდ ტექნოლოგიასთან შეწყვილდა და ელექტრომობილთან შედარებით გაცილებით ნაკლებს — 552 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ასევე დაგაინტერესებთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
ვიზუალურად ეს ორი ავტომობილი ერთმანეთისგან მკვეთრად არ განსხვავდება. ამის მიზეზი მხოლოდ BMW-ის სურვილია, რომ მოდელები მომხმარებლების მხრიდან „და-ძმად“ აღიქმებოდეს და არა სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლებად. დიდი ალბათობით, ელექტრო და შიგაწვის ვერსიები Neue Klasse-ს იერსახით შთაგონებულ დიზაინის საერთო ელემენტებს გაიზიარებენ, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებულ პლატფორმებზე იქნებიან დაფუძნებულნი. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე მოდელის ბაზად კვლავ დღევანდელი M3-ის CLAR პლატფორმის განახლებული ვერსია იქნება გამოყენებული.

ინტერიერში გერმანელებმა მინიმალისტურ დიზაინზე გააკეთეს არჩევანი, თუმცა სალონი კვლავ ეკრანებით იქნება დატვირთული. ეს კი ნიშნავს, რომ M3-ში ნაკლებ ფიზიკურ გადამრთველს და უფრო მეტად ციფრულ სალონს ვიხილავთ. ეს უკანასკნელი BMW-ს Panoramic iDrive ტექნოლოგიით იქნება მხარდაჭერილი, რამაც შესაძლოა მძღოლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს, ისევე როგორც ძრავის არჩევანმა.
BMW M-ის გაყიდვების ხელმძღვანელი, სილვია ნოიბაუერი, დარწმუნებულია, რომ მათ მიერ წარდგენილი ორივე მოდელი გაამართლებს მომხმარებელთა მოლოდინს. „ჩვენ არა მხოლოდ სიმძლავრესა და აჩქარებაზე ვსაუბრობთ; ეს ეხება მართვადობასა და მანევრირებას, ასევე ნდობისა და კავშირის იმ დონეს, რომელიც მძღოლს, ავტომობილსა და გზას შორის არსებობს“, — განუცხადა მან Autocar-ს.
ნოიბაუერის თქმით, BMW-ის გუნდში კარგად ესმით, რომ ყველა „ერთ ღამეში“ ელექტრომობილებზე არ გადავა. „ცხადია, ჩვენ ვერ შევძლებთ ბენზინზე მომუშავე ძრავების მოყვარულთა 100% დავარწმუნოთ, შეიძინონ სრულად ელექტრო BMW M3. თუმცა ვფიქრობთ, რომ იმ 100 ადამიანიდან, ვინც მას გამოცდის, ნაწილის დაყოლიებას მაინც შევძლებთ“, — დასძინა BMW M-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა.


ეს ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ რჩება შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილები ბაზარზე გამონაბოლქვზე არსებული მკაცრი რეგულაციების მიუხედავადაც. ბოლო დროს სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი აღიარებს, რომ მომხმარებელი, ისევე როგორც ბაზარი და თავად კომპანიებიც კი, ამ ეტაპზე სრულად ელექტრო საწარმოო ხაზზე გადასვლისთვის მზად არ არიან. ხარჯები მაღალია, წარმოების პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს, მომხმარებელთა მხრიდან კი მოთხოვნა დიდად დამაკმაყოფილებელი არ არის. დანარჩენს უკვე მომავალი გვიჩვენებს.