ელექტრომობილები, ბიემვი, ბიემვი აი3, ბმვ, ბიემვი გრუპი, ბმვ ი3
Aa
Aa

11 წელი პირველ მილიონ EV-მდე და მხოლოდ 2 წელი — მეორემდე: BMW-ის რეკორდული ნახტომი

BMW Group-მა თავის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახა — კომპანიამ ახლახან თავისი მე-2 მილიონი სრულად ელექტრომობილის (BEV) წარმოების შესახებ განაცხადა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას ახლა უკვე ჯამში 2 მილიონი ელექტრომობილი აქვს გამოშვებული, თუმცა აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ის ნახტომია, რომელიც EV-ების წარმოების დაჩქარების ტემპში გერმანულმა ჯგუფმა დააფიქსირა.

შედარებისთვის: BMW-ს პირველი მასობრივი ელექტრომობილი, ლეგენდარული BMW i3, ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. ამის შემდგომ კომპანიას თითქმის 11 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ 2024 წლის გაზაფხულზე ელექტრომობილების წარმოების 1-მილიონიანი ნიშნული გადაელახა. თუმცა, წარმოების გასაორმაგებლად და მე-2 მილიონამდე მისასვლელად უკვე სულ რაღაც 2 წელი აღმოჩნდა საკმარისი.

საიუბილეო, რიგით მე-2 მილიონე ელექტრომობილი BMW i5 M60 xDrive გახლავთ. სიმბოლურია, რომ ეს მოდელი გერმანიაში, დინგოლფინგის ქარხანაში აეწყო და ახლა ესპანეთისკენ მიემართება. ეს ლოკაცია შემთხვევითი არაა — ევროპა ამჟამად ელექტრომობილებზე მოთხოვნით ლიდერია. 2025 წლის მონაცემებით, ევროპის მასშტაბით BMW-ს ელექტრომოდელების გაყიდვები 28.2%-ით გაიზარდა, ხოლო ევროპულ ბლოკში გაყიდული ყოველი ხუთი ავტომობილიდან ერთი უკვე სრულად ელექტროა.

რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოებაც სწრაფი ტემპებით იზრდება. BMW-ს კი საკმაოდ მოქნილი სტრატეგიაც აქვს: ის ელექტრომობილებსა და შიგაწვის ძრავებზე მომუშავე მოდელებს ერთსა და იმავე პლატფორმაზე, გვერდიგვერდ აწყობს. ეს მათ საშუალებას აძლევს, ბაზარზე ცვლილებებს სწრაფად უპასუხონ და საჭიროების შემთხვევაში გეგმებიც უფრო მარტივად შეცვალონ. ეს მიდგომა კი, რეალურად, სწორია, რადგან დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული ტენდენციებია.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

მაგალითისთვის, თუ ევროპაში მოთხოვნის ზრდას ვხედავთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირიქით, BMW-ის ელექტრომობილების მიმართ ინტერესი შესამჩნევად შენელდა. 2025 წელს გაყიდვები 16.7%-ით (წლიურ ჭრილში) შემცირდა, ხოლო მეოთხე კვარტალში ვარდნამ 45.5%-ს მიაღწია, რაც დიდწილად ფედერალური საგადასახადო შეღავათების გაუქმებით აიხსნება. გერმანელებს პრობლემები აქვთ ჩინეთშიც, რაც გლობალურ შედეგებზეც უარყოფითად აისახება.

მაგალითად, გლობალურად, BMW-მ 2025 წელს 442 072 ელექტრომობილი გაყიდა — ეს კი უმნიშვნელო ზრდაა და გვიჩვენებს, რომ ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა არა ისეთი ტემპებით, როგორიც წარსულში იყო. შედეგად ის ფაქტი, რომ BMW ელექტრომობილებისა და შიგაწვის ძრავების ავტომობილების ერთ პლატფორმაზე წარმოების სტრატეგიას ირჩევს, ნამდვილად გამართლებულია, რადგან ევროპაში მოთხოვნის მიუხედავადაც, კომპანიას სჯობს სამომავლოდ ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები