Porsche 911 ნარკობარონების წინააღმდეგ | ფსიქოლოგიური ომი, რომელიც მაიამის პოლიციამ სუპერქარით მოიგო
ბოლო წლების განმავლობაში საპატრულო ავტომობილებს შორის მდიდრული და მაღალი შესრულების მქონე მოდელების გამოჩენა, ალბათ, აღარავის გვიკვირს. განსაკუთრებით ეს დუბაის პოლიციას ეხება, რომლის ავტოპარკში ნებისმიერი სუპერქარის, მათ შორის Mansory-ს მიერ მოდიფიცირებული მოდელების პოვნაც კი არ გაგვიჭირდება.
თუმცა ეს კონკრეტული ისტორია არა დუბაის, არამედ მაიამის პოლიციას უკავშირდება და 1980-იანი წლებით თარიღდება. მაშინ ერთი უცნაური შემთხვევით მაიამის პოლიციის ხელში, პატრულირებისთვის, Porsche 911 მოხვდა. ამ საკულტო მოდელის ღირსებები რომც გადავდოთ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ დღევანდელი სუპერქარები მძღოლებს გარკვეულ კომფორტსა და პრაქტიკულობას სთავაზობენ, 1980-იანი წლების Porsche ასეთი ნამდვილად არ ყოფილა.

1980-იან წლებში ფლორიდაში ნარკოდანაშაული ფართოდ იყო გავრცელებული. პოლიცია ამ სქემებს აქტიურად ებრძოდა და ბრალდებულთათვის პირადი საკუთრების ჩამორთმევას არ ერიდებოდა. ბევრ ნარკობარონს ძვირადღირებული ქონება სწორედ უკანონო საქმიანობით ნაშოვნი ფულით ჰქონდა შეძენილი და ხშირად ამ ავტომობილებს დანაშაულის ჩასადენადაც იყენებდნენ.
ფლორიდაში მოქმედებდა კანონი, რომელიც საპატრულო პოლიციას უფლებას აძლევდა, მფლობელისთვის ქონება ჩამოერთმია იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებდა, რომ მანქანა პატიოსანი შრომით ნაშოვნი ფულით იყიდა. ასეთ დროს სარჩელი პირდაპირ „ნივთის“ წინააღმდეგ — მაგალითად, „შტატი ფლორიდა 1985 წლის Porsche 911-ის წინააღმდეგ“ — აღიძრებოდა.
როგორც წესი, ჩამორთმეული ქონება აუქციონზე იყიდებოდა, მიღებული თანხა კი პირდაპირ პოლიციის დეპარტამენტის ბიუჯეტში მიდიოდა. ეს ფული ახალი იარაღის, ჯავშანჟილეტების ან სტანდარტული საპატრულო მანქანების შესყიდვას ხმარდებოდა.

ერთ-ერთი ასეთი რეიდის დროს ჩამორთმეულ ნივთებს შორის Porsche 911-იც მოხვდა. რეალურად, პოლიციას შეეძლო ჩვეული მიდგომა გამოეყენებინა — გაეყიდა სუპერქარი და მის ნაცვლად რამდენიმე ახალი Ford-ი ეყიდა. 80-იანების Porsche-ს სირთულეების გათვალისწინებით, ეს ბევრად ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა მაიამის პოლიციამ სხვა გზა აირჩია.
მაიამელებმა პრაქტიკულობაზე წინ ფსიქოლოგიური ომი დააყენეს. მსგავსი სუპერქარის დანაშაულთან საბრძოლველად გამოყენებას დამნაშავეებში შიში უნდა აღეძრა — მათ ეცოდინებოდათ, რომ ასეთი მანქანით მყოფ პოლიციელებს ვერსად გაექცეოდნენ. 80-იან წლებში მაიამის პოლიციას მსგავსი მკაცრი იმიჯი ნამდვილად სჭირდებოდა, ამიტომაც გადაწყვიტეს, Porsche თავისთან დაეტოვებინათ. ავტომობილი იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ ნებისმიერი სახის კრიმინალი ადრე თუ გვიან აუცილებლად დასრულდებოდა.