ევროპულმა ავტოგიგანტებმა უკვე €8 მილიარდი იზარალეს | აშშ-ის ტარიფების გავლენა ინდუსტრიაზე
თეთრი სახლის მიერ დაწესებული იმპორტის გადასახადების გავლენით, ევროპელმა ავტომწარმოებლებმა უკვე 8 მილიარდ ევროზე მეტი იზარალეს, ინდუსტრია კი აშშ-სთან სავაჭრო დაპირისპირების ხელახალი ესკალაციისთვის ემზადება. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს.

ეს მონაცემები ეყრდნობა ისეთი გიგანტების საჯარო განცხადებებს, როგორიცაა Volkswagen-ი, BMW, Mercedes-Benz-ი, Stellantis-ი და Volvo Cars-ი. დასახელებული თანხა კი მოიცავს 2025 წელს და 2026 წლის პირველ სამ თვეს — შედეგად, აშშ-ის პირველი პირის მიერ ავტოინდუსტრიაზე ტარიფების დაწესების წლისთავს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავდაპირველად, „ტარიფების ომის“ საწყის ეტაპზე, აშშ-მა (გასული წლის 3 აპრილს) ევროპულ ავტომობილებზე არსებული 2.5%-იანი გადასახადი 27.5%-მდე გაზარდა. აგვისტოში კი ევროპის კავშირთან შეთანხმების შემდეგ — რომელიც რამდენიმე კვირის წინ თავადვე დაადანაშაულა ამ შეთანხმების შეუსრულებლობაში — ტარიფები 15%-მდე დაწია. მიუხედავად ამისა, შემცირებულმა გადასახადებმაც კი ევროპის ავტოინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა.

„საოპერაციო გარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა. წელს, აშშ-ის ტარიფების გამო, დამატებით 4 მილიარდი ევროს ზარალს უნდა ველოდოთ. ამ ფონზე, მხოლოდ ხარჯების ეტაპობრივი შემცირება საკმარისი არ იქნება. მოგვიწევს, ჩვენი ბიზნესმოდელი ფუნდამენტალურად შევცვალოთ“, — განუცხადა Volkswagen-ის ფინანსურმა დირექტორმა, არნო ანტლიტცმა, გასულ თვეში ინვესტორებს.
BMW-ის აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ზიპსი კი იმედს იტოვებს, რომ აშშ შედარებით ლმობიერი იქნება იმ კომპანიების მიმართ, რომელთაც წარმოება შტატების ტერიტორიაზე გადააქვთ: „ადმინისტრაციიდან მხარდაჭერა გვაქვს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპის კავშირიც თავის პირობებს შეასრულებს“, — განაცხადა მან.
აქვე საინტერესოა, რომ აშშ-ის ტარიფებმა ყველაზე დიდი დარტყმა გერმანულ ავტომწარმოებლებს მიაყენა: Volkswagen-ი დაახლოებით 3.6 მილიარდი ევროს დანაკარგებს პროგნოზირებს, BMW — 2.1 მილიარდი ევროს, Mercedes-Benz-ი კი — 1.3 მილიარდი ევროს.
ასევე დაგაინტერესებთ: პრეზიდენტის ლიმუზინის და ესკორტის საიდუმლო ფუნქციები
გაზრდილ ხარჯებზე შეშფოთება მას შემდეგაც გამძაფრდა, რაც ამ თვეში აშშ-ის პირველი პირი ევროპის კავშირისთვის ავტომობილებზე ტარიფების 15%-დან 25%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. მიზეზი კვლავ ბლოკის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა იყო. თუმცა მისი მოთხოვნა კვლავ არ დაკმაყოფილდა. ამის მიუხედავად, აშშ-ის პირველი პირი დანებებას არ აპირებს და იმ შემთხვევაში, თუ 25%-იანი გადასახადები დამტკიცდება, ექსპერტთა ვარაუდით, სამ გერმანულ გიგანტს 2026 წელს დამატებით 2.6 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს.