პირველი მე-3 სერიის დასაწყისი
BMW-ის მე-3 სერიის მოდელები მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობდა და ახლაც მასეა. იგი ნებისმიერ მდგომარეობას კარგად ერგება. ერთი შეხედვიტ საოჯახო ავტომობილია, თუმცა სარბოლო ავტომობილის როლსაც კარგად ასრულებს. თავდაპირველად ამ მოდელის იდეა კი კომპაქტური ავტომობილის შექმნა იყო.

1975 წელს მსოფლიომ პირველი მე-3 სერია იხილა. ავტომობილი მხოლოდ 2-კარიანი ძარით იყო ხელმისაწვდომი. ზოგიერთ მათგანს წინ ორი, ხოლო ზოგსაც ოთხი განათების მაშუქი ჰქონდა. აღნიშნული ავტომობილი ვიზუალით და ტექნიკური მონაცემებით დროში იმდენად შესაფერისი იყო, რომ გამოშვებისთანავე ყველასგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ძრავები 1.6-დან 2.3-მდე იყო ხელმისაწვდომი და ეს სტატიაც ამ უკანასკნელის გახსენებას ეძღვნება.
მოგეხსენებათ, რომ პირველი M3 მოდელი მხოლოდ E30-ის ძარაში არსებობდა, თუმცა E21-ის პლატფორმაზეც მსგავსი მოდელის იდეამ პირველად იჩინა თავი . 323i 6-ცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 143 ცხენის ძალას და 190 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ეს მაჩვენებლები დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება დიდს არაფერს გვეუბნება, მაგრამ შესაბამის დროში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. 0-100 აჩქარებას 8.7 წამს ანდომებდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევდა.ყველა ავტომოყვარულმა იცის, თუ როგორი მსუბუქი ავტომობილები გამოდიოდა ადრეულ წლებში, ეს ავტომობილიც საკმაოდ მსუბუქი იყო, 323-ის წონა 1100 კილოგრამს შეადგენდა, თუმცა 4-ცილინდრიან მოდელებში არსებობდა ისეთი ვერსიები, რომლებიც 1000 კილოგრამამდე იწონიდნენ.

323-ს ძრავის გარდა კიდევ ჰქონდა განმასხვავებელი ნიუანსები. ვიზუალურად მისი გარჩევა სხვა მოდელისგან ძალიან მარტივი იყო, კერძოდ კი მას უკან ორი პარალელურად განლაგებული გამონაბოლქვის სისტემა ჰქონდა დამონტაჟებული, რაც მის სპორტულ ხასითზე მიუთითებდა. მისი სამუხრუჭე სისტემა კიდევ უფრო ძლიერი იყო და მისი უკანა მუხრუჭები დისკიანი გახლდათ, რასაც სხვა მოდელში ვერ ნახავდით. ყველა 323 მოდელს უკანა დიფერენციალის ბლოკირება გააჩნდა, რაც მის მართვას მეტად სახალისოს ხდიდა. წარმოების გვიან წლებში წლებში 323-ის ზოგიერთ ვერსიაში შევხდებით ე.წ. “ძაღლისფეხა“ მექანიკურ გადაცემათა კოლოფს (Dog-Leg) იგი მეტი მოქნილობისთვის იყო შექმნილი და სხვა ბევრი ავტომწარმოებელიც იყენებდა. განსხვავება ის იყო, რომ მეორე სიჩქარის ადგილას ჰქონდა პირველი სიჩქარე, ხოლო მესამეს მაგივრად კი მეორე. როგორც ამ კოლოფის მწარმოებელი იუწყებოდა 2-3 სიჩქარე ყველაზე მუშა იყო, ამიტომ ამ სიჩქარეებში გადართვა მეტად კომფორტული რომ ყოფილიყო, სწორედ მაგიტომ შექმნეს ეს გადაცემათა კოლოფი. მუშა სიჩქარეები ძაღლის ფეხივით მხოლოდ წინ და უკან მოძრაობდა.
აღნიშნული მოდელი 8 წლის განმავლობაში იწარმოებოდა და სულ 1 400 000-მდე ერთეული იყო გამოშვებული. 1983 წლის დეკემბერში მან დაასრულა წარმოება და ასპარეზი ლეგენდარულ BMW E30-ს დაუთმო.