BMW-მ საიდუმლო V12-იანი მეშვიდე სერია გამოაჩინა | მოდელი სერიულ წარმოებაში არასდროს ჩაშვებულა
BMW-მ საზოგადოებას 21 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული L7 Concept გააცნო. E65-თაობის მეშვიდე სერიის ბაზაზე შექმნილი უნიკალური ლიმუზინის სიგრძე 5.53 მეტრს აღწევს.
ბავარიელებისგან საიდუმლოდ შემონახული პროექტები, რომელთაც ფარდას წლების შემდეგ ხდიან, ალბათ აღარავის გვიკვირს. სულ რამდენიმე დღის წინ BMW-მ ფართო საზოგადოებას აქამდე უცნობი, E38 თაობის სედანზე დაფუძნებული M7-ის პროტოტიპი წარადგინა. ახლა კი BMW Classic-მა კიდევ ერთი უნიკალური ავტომობილი გაასაჯაროვა. ეს მოდელი L7 Concept-ი გახლავთ, რომელიც 21 წლის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა და სერიულ წარმოებაში არასდროს ჩაშვებულა.

აღნიშნული პროექტის საფუძველი E65 თაობის მეშვიდე სერია გახდა. BMW-მ კრის ბენგლის ეპოქაში შექმნილი, 2005 წლის განახლებული 760Li აიღო და მისი ძარა დაახლოებით 51 სანტიმეტრით დააგრძელა. შედეგად კი კიდევ უფრო მდიდრული ლიმუზინი მიიღო, რომელიც მგზავრებს უკანა ნაწილში გაცილებით მეტ სივრცეს სთავაზობდა.
მუქი ლურჯი ფერის L7 Concept ვიზუალურად თითქოს Maybach-ის კონკურენტად გვევლინება, თან იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში Maybach-ი Mercedes-Benz-ისგან დამოუკიდებელ ბრენდად ოპერირებდა. ამ გასაიდუმლოებული მოდელის დებიუტი Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში შედგა, რომელიც Retro Garage-მა BMW Classic-თან თანამშრომლობით გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ პროექტი მხოლოდ დიზაინერული ექსპერიმენტი არ ყოფილა და BMW-მ სრულად ფუნქციური ავტომობილი ააწყო, თვალშისაცემად მდიდრული უკანა სალონითაც კი.

გასული თაობის E38 L7-ის მსგავსად, ძარის დაგრძელება B-სვეტის არეალიდან გახდა შესაძლებელი. შედეგად, უკანა კარები მნიშვნელოვნად დაგრძელდა, დამატებით მიღებული სივრცე კი მთლიანად უკანა მგზავრებს დაეთმო.
E65 L7-ის სიგრძე დაახლოებით 5.53 მეტრი გახდა, რაც დაახლოებით 35 სანტიმეტრით მეტია იმ 760Li-ზე, რომლის ბაზაზეც კონცეპტი შეიქმნა. ამასთან, ის დაახლოებით 14 სანტიმეტრით გრძელია თანამედროვე BMW 7 Series-ზე. დაგრძელებული პროპორციები განსაკუთრებით კარგად შესამჩნევია გვერდიდან.

თუმცა საინტერესოა, რომ ძარის დაგრძელებით მიღებული დამატებითი სივრცე მხოლოდ ბარგისთვის არ გამოუყენებიათ. BMW-მ უკანა სალონი კერძო მოსასვენებელ სივრცედ აქცია. ინტერიერში კი კრემისფერი ტყავი და ხის დეკორატიული დეტალები დაამონტაჟა, მგზავრებისთვის დამატებით ლუქის სახურავთან ერთად. სალონში მაცივარიც მოთავსებულია, ასევე ცალკე სათავსო ბოთლებისთვის. უკანა სავარძლებზე კი იმდენი სივრცეა, რომ მგზავრებს ფეხების თითქმის სრულად გაშლა შეუძლიათ.
E65 L7 რეალურად BMW-ის არც პირველი მცდელობაა, მეშვიდე სერია უფრო მდიდრულ ლიმუზინად ექცია. 1997-2001 წლებში გერმანულმა კომპანიამ E38 თაობის L7-ის 899 ეგზემპლარი გამოუშვა. თითოეული მათგანი 750iL-ის ბაზაზე იყო შექმნილი და 5.4-ლიტრიან V12-ზე მუშაობდა. ეს ვერსიები სტანდარტულ, გრძელბაზიან 7 Series-ზე დაახლოებით 25 სანტიმეტრით გრძელი იყო.
View this post on Instagram
BMW ამ მოდელებს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გარკვეულ ბაზრებზე ყიდდა, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში არ შეუტანია. თუმცა აშშ-ში უფრო ძველი E23 L7-იც იყო ხელმისაწვდომი, რომელსაც კომპანია იაპონიაშიც ყიდდა. თავდაპირველი L7 დაგრძელებული თვლის ბაზის ვერსია არ ყოფილა — ის სტანდარტული 7 Series-ის უფრო მდიდრულად აღჭურვილი ვერსია იყო.
E65 L7 Concept-მა ამ კონცეფციის განვითარება მოგვიანებით სცადა, თუმცა ბავარიელებს მოდელი სერიულ წარმოებაში არასდროს ჩაუშვიათ. კომპანიას ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიზეზი არც არასდროს განუმარტავს.
შესაძლოა, BMW-ისთვის მსგავსად ექსტრავაგანტული ლიმუზინის წარმოება ეკონომიკურად გამართლებულად არ შეფასდა, განსაკუთრებით კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სტანდარტული 760Li-იც საკმაოდ ძვირადღირებული მოდელი იყო. ასევე შესაძლებელია, BMW-ს Rolls-Royce-ის გაყიდვების კლების რისკიც გაეთვალისწინებინა. ცნობისთვის, ეს ბრენდი BMW Group-ის შემადგენლობაში 1998 წლიდან შედის.

გერმანელები კი მეშვიდე სერიის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას მომავალ წელსაც შეეცდებიან. 2027 წელს კომპანია ახლად ჩამოყალიბებული BMW Alpina-ს ბრენდის ქვეშ უფრო მდიდრულ ვერსიას გამოუშვებს. გავრცელებული ცნობებით, ეს მოდელი სტანდარტულ ფლაგმანსა და Rolls-Royce-ს შორის განთავსდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს