ამ Toyota MR2-ს ქარხნული ძრავით 677 000 კილომეტრი აქვს გავლილი
გერმანიაში, Toyota-ს გარბენის რეკორდსმენების ყოველწლიურ ღონისძიებაზე, 96 ავტომობილს მოუყარეს თავი, რომელთა მფლობელებს საერთო ჯამში 30 მილიონი კილომეტრი აქვთ გავლილი. მათ შორის კი ყველას ყურადღება 1990 წელს გამოშვებულმა Toyota MR2-მა მიიპყრო, რომელიც დღემდე თავისი ქარხნული ძრავით მუშაობს. ღონისძიების ფარგლებში მფლობელებს სპეციალური სერტიფიკატები და სტიკერები გადაეცათ.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
შეხვედრის მიმდინარეობისას Toyota-მ ღონისძიებაზე შეკრებილი მფლობელების განსხვავებულ ისტორიებს მოუყარა თავი და ავტომობილების გამძლეობასაც არაერთხელ გაუსვა ხაზი. როგორც გითხარით, განსაკუთრებული ყურადღება Toyota MR2-მა მიიპყრო, რომელიც მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა, კლაუდია ნოდერმა, 1990 წელს შეიძინა. მას შემდეგ ავტომობილს ქარხნული ძრავა უდგას და ამ აგრეგატით 677 000 კილომეტრი აქვს დაფარული.
დაახლოებით 30 წლის განმავლობაში სპორტული ავტომობილი ყოველდღიურად 124-კილომეტრიან მარშრუტს გადიოდა. ამ პერიოდში კი MR2-ს უცვლელად თავისი ქარხნული ძრავა ედგა და აგრეგატის შეცვლა არასდროს დასჭირვებია.
36 წლის შუაძრავიანი სპორტული ავტომობილი უჩვეულო დავალებებსაც ასრულებს. ზამთარში მას შეშის გადასაზიდადაც იყენებენ, წელს კი ამ ავტომობილით მფლობელი ბალკანეთის ქვეყნებში სამოგზაუროდაც გაემგზავრა. ამ დროს Toyota-მ თითქმის 5 800 კილომეტრი გაიარა.

კიდევ ერთი საინტერესო ავტომობილი, რომელიც ღონისძიებაზე ვიხილეთ, კლაუს კოხის Toyota iQ იყო (დიზელზე მომუშავე), რომელსაც 201 602 კილომეტრი აქვს გავლილი. მისი მფლობელი კიოლმის მახლობლად მდებარე რეგიონიდან კუნძულ ზილტზე რეგულარულად მოგზაურობს.
2.98 მეტრი სიგრძის ავტომობილი კომპაქტური ზომების წყალობით ბორანზეც მარტივად თავსდება და მგზავრობის შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობს. თუმცა ბორანზე თავისი ზომების გამო პერსონალის გაკვირვებასაც ხშირად იწვევს. უკანა სავარძლების დაკეცვის შემდეგ საბარგულში ორი დიდი სამგზავრო ჩანთაც ეტევა, რაც სამკვირიანი მოგზაურობისთვის საკმარისია. 100 კილომეტრზე საწვავის საშუალო მოხმარება კი 4.5 ლიტრი დიზელია.

ღონისძიების მონაწილეთა შორის იყო კრისტენ ბუჯაკის პირველი თაობის Toyota Prius-იც. მფლობელი ამ კლასიკური ჰიბრიდით ყოველწლიურად 20 000 კილომეტრზე მეტს გადის. მისი ხანგრძლივი დაკვირვებით კი Super E10 ტიპის ბენზინით 100 კილომეტრზე საწვავის მოხმარება დაახლოებით 5 ლიტრია.

გეორგ ჰესმანი კი შეკრებაზე ამჟამად Land Cruiser HZJ75-ით იყო წარმოდგენილი, რომელსაც 539 000 კილომეტრამდე აქვს გავლილი. სხვადასხვა Land Cruiser-ით მისი პირადი გარბენი ჯამში 1 მილიონ კილომეტრს აღემატება.

ღონისძიების კიდევ ერთი მონაწილე, რონი ლევსტეკი, სრულიად განსხვავებულ ისტორიას წარმოაჩენს. მის ავტოფარეხში უკვე ექვსი წელია ინახება Toyota Supra Mk3, რომელიც მან ხორვატიაში შეიძინა. ავტომოყვარული ამ მოდელს ძირითადად პროექტისთვის და კარგ ამინდში სასეირნოდ იყენებს. სპორტული ავტომობილის გარბენი 219 000 კილომეტრია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს