Toyota-მ Land Cruiser 300-ის კიდევ უფრო მძლავრი ვერსია წარადგინა
როდესაც Toyota-მ 2021 წელს ლეგენდარული Land Cruiser 200 ახალი თაობით ჩაანაცვლა, გლობალურმა ბაზარმა სრულფასოვანი Land Cruiser 300 მიიღო, ხოლო ამერიკაში მისი გაყიდვა შეწყდა (იქ ბაზარზე უფრო კომპაქტური Land Cruiser 250/Prado დატოვეს). ახლა კი Toyota-მ გლობალური 300 სერიისთვის კიდევ უფრო მძლავრი, ჰიბრიდული ვერსია წარადგინა, რომელიც თავდაპირველად ავსტრალიის ბაზარზე GR Sport და Sahara ZX კომპლექტაციებში გამოჩნდება.
ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?
ახალი აგრეგატი 3.5-ლიტრიანი Twin-Turbo V6 ძრავისა და 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ინტეგრირებული ელექტროძრავისგან შედგება. სისტემური სიმძლავრე 457 ცხ.ძ-ს, ხოლო მაბრუნი მომენტი 790 ნიუტონ-მეტრს შეადგენს. ეს ყველაზე მძლავრი ქარხნული Land Cruiser-ია ისტორიაში — ის 152 ცხენის ძალით უფრო ძლიერია, ვიდრე ამავე მოდელის 3.3-ლიტრიანი ტურბოდიზელი და 48 ცხენის ძალით აღემატება სტანდარტულ ბენზინის V6 ვერსიას.

მიუხედავად იმისა, რომ სუფთა Land Cruiser 300-ის ამერიკაში არარსებობა ბევრი ოფროუდერისთვის გულდასაწყვეტია, რეალურად მათთვის მისი მდიდრული ტყუპისცალი — Lexus LX 700h-ია ხელმისაწვდომი, რომელიც ზუსტად იმავე ჰიბრიდულ პლატფორმას იყენებს და სიმძლავრესაც ანალოგიურს გამოიმუშავებს. ავსტრალიაში Land Cruiser 300 ჰიბრიდის ფასი დაახლოებით 111 700 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო ამერიკაში უგზოობისთვის მომზადებული Lexus LX 700h Overtrail-ის საწყისი ფასი 116 685 დოლარია. ფასებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ Toyota-სთვის აშშ-ის ბაზარზე ორივე მოდელის ერთდროულად გაყიდვას აზრი არ აქვს — Land Cruiser-ი Lexus-ის გაყიდვებს უბრალოდ „შეჭამდა“.

ტექნიკური თვალსაზრისით, Land Cruiser 300 GR Sport აღჭურვილია წინა და უკანა ხიდების ბლოკირებითა და ელექტრონული კინეტიკური დაკიდების სისტემით (E-KDSS), ხოლო Sahara ZX-ს მხოლოდ უკანა Torsen-ის თვითბლოკირებადი დიფერენციალი (LSD) აქვს. ორივე მოდელს სტანდარტულად მოჰყვება ადაპტური ამორტიზატორები, Multi-Terrain Select სისტემა და სავარძლების ვენტილაცია/გათბობა.