BMW-ს ყველაზე პატარა ზომის მოდელი კვლავ უკანა წამყვანი გახდება
ათწლეულების განმავლობაში უკანა წამყვანი ავტომობილების წარმოების შემდეგ, 2010-იან წლებში BMW-მ ტრადიცია დაარღვია და წინა წამყვანი მოდელების გამოშვებასაც მიჰყო ხელი. შედეგად, დღეისთვის, ავტომოენთუზიასტთა საუბედუროდ, გერმანული მარკის ყველა კომპაქტური მოდელი, გარდა მეორე სერიის კუპესი, წინა წამყვანი სისტემითაა აღჭურვილი. თუმცა, როგორც ჩანს, BMW სტრატეგიას კიდევ ერთხელ ცვლის და ამჟამად უკვე უკანა ამძრავ ფორმულას გერმანელები უფრო მეტ მოდელში დააბრუნებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენში ახალი თაობის პირველ სერიაზე მუშაობენ, რომლის სიმძლავრეც უკანა ღერძზე გადანაწილდება — თუმცა, ამჯერად, შიგაწვის ძრავის გარეშე. BMW-ის ყველაზე პატარა ზომის მოდელის მეხუთე თაობა სრულად ელექტრო გახდება. ავტომობილის დებიუტი, სავარაუდოდ, ათწლეულის ბოლომდე შედგება. Autocar-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომავალი პირველი სერია სპეციალურად შექმნილ ელექტროპლატფორმაზე იმუშავებს.
თუმცა, ამ შემთხვევაში ელექტრომობილების გამოჩენა ბენზინის ძრავაზე მომუშავე მოდელების დასასრულს არ ნიშნავს, რადგან შიგაწვის ძრავის მქონე, წინა წამყვანი სისტემით აღჭურვილი მოდელების წარმოებაც პარალელურად გაგრძელდება.

ელექტროჰეჩბეკი, რომლის სახელწოდებაც, სავარაუდოდ, i1 იქნება, 2013-2022 წლებში გამოშვებული ლეგენდარული i3-ის ირიბ მემკვიდრედ მოგვევლინება. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ხარჯავს BMW რესურსს პირველი სერიის ელექტროვერსიაზე მაშინ, როდესაც რამდენიმე Mini EV უკვე არსებობს, პასუხი ასეთია: ქროსოვერებისა და SUV-ების ეპოქაშიც კი, BMW-ის ყველაზე პატარა ზომის მოდელი მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, გასულ წელს მსოფლიოში თითქმის 200 000 ჰეჩბეკი გაიყიდა და ეს იმის მიუხედავად, რომ პირველი სერია ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
BMW i1 2028 წელს გამოვა
ახალი მოდელი ბაზარზე შედარებით გვიან გამოჩნდება, ვიდრე მისი რამდენიმე ადგილობრივი კონკურენტი. მათ შორის არის ელექტრო Audi A2, რომელსაც წელს უნდა ველოდოთ, და A-Class-ი, რომელსაც Mercedes-ი გვპირდება. i1-ის მსგავსად, BMW თავის ახალ დიზაინის ენას, Neue Klasse-ს, შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილებსაც მოარგებს. მათ შორის, ამ მოდელებში დიდი ცენტრალური სენსორული ეკრანი და საქარე მინის პროექციის სისტემა დაგვხვდება. Neue Klasse-ს მომავალ წელს X1 და iX1-იც შეუერთდებიან. ანალოგიურად, მესამე სერიის Touring-ი და i3 Touring-იც ვიზუალურად და ინტერიერით ერთმანეთს ძალიან დაემგვანებიან.
ასევე იხილეთ: BMW-ს i Vision Circular Concept-ი მსოფლიოში პირველი 100%-ით გადამუშავებადი მანქანაა
შესაბამისად, გერმანული ავტომწარმოებელი, როგორც სჩვევია, მომხმარებელს არჩევანის უფლებას უტოვებს. BMW კვლავ მოდელების ფართო არჩევანს შემოგთავაზებთ, მათ შორის — სრულად ელექტრო და შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ვერსიებით, გადაწყვეტილება კი უკვე თქვენზეა.
* სტატიაში გამოყენებულია BMW-ს i Vision Circular Concept-ის ფოტოები, რომელიც გერმანულმა ავტომწარმოებელმა 2021 წელს წარადგინა.