ჩინელი ქალი მართვის ასისტენტის გამოყენებისას ცეკვისა და მაკიაჟის გაკეთების გამო დაჯარიმდა
ავტოპილოტისა და მძღოლის ასისტენტების არასწორი გამოყენება თანამედროვე ავტოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და სახიფათო გამოწვევაა. ამჯერად ყურადღების ცენტრში ჩინეთის ქალაქ ვენჭოუში მცხოვრები ქალი აღმოჩნდა, რომელმაც Huawei-ს მიერ მხარდაჭერილი პრემიუმ კლასის სმარტ-ბრენდის, AITO-ს 500 000-იუანიანი (დაახლოებით $73 000) SUV-ის მართვისას უსაფრთხოების ყველა წესი დაარღვია.

ლინი სოციალურ ქსელებში რეგულარულად აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორ მოძრაობს ავტომობილი გვირაბში ჩართული დამხმარე სისტემით, ხოლო თავად მძღოლს საჭისთვის ხელები სრულიად მოშორებული აქვს — ამ დროს ის მაკიაჟს იკეთებს, ცეკვავს და სასუსნავებს მიირთმევს. ინტერნეტმომხმარებლების რეაგირების შემდეგ, საქმეში ადგილობრივი საგზაო პოლიცია ჩაერია.
„მართალია, ხელებით სხვა რამეს ვაკეთებდი, მაგრამ გონებით მაინც მართვაზე ვფიქრობდი. მე ძალიან ვენდობი ჭკვიან მართვას და ვფიქრობ, როგორც ქალი მძღოლი, ეს სისტემა ჩემზე ბევრად უკეთ მართავს მანქანას“, — ასე უცნაურად იმართლა თავი მძღოლმა...
პოლიციამ მას მკაცრად განუმარტა, რომ ასისტენტები მხოლოდ დამხმარე ფუნქციებია და არა სრულფასოვანი ავტონომიური მართვა, და მათ არ შეუძლიათ გაუთვალისწინებელ საგზაო სამუშაოებსა თუ კომპლექსურ ავარიულ სიტუაციებზე რეაგირება. საბოლოოდ, მძღოლი 200 იუანით ($30) დააჯარიმეს და მართვის მოწმობიდან ქულები დააკლეს.

ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის. გასულ წელს, კიდევ ერთმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა ჩართო აღნიშნული ფუნქცია და სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ მანქანას თავად არ მართავდა, თუმცა მას 5-თვიანი პატიმრობა და ფინანსური ჯარიმა მაინც შეეფარდა. ლინის ქეისმა ჩინურ სოციალურ მედიაში 10 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და დისკუსია გამოიწვია იმის შესახებ, თუ რამდენად საშიშია მძღოლების მხრიდან ტექნოლოგიებისადმი ასეთი ბრმა ნდობა.
ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ საჭესთან კონტროლი მუდმივად ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს — როგორ ფიქრობთ, რამდენად უწყობს ხელს თავად მწარმოებლების მარკეტინგი (რომლებიც ხშირად აზვიადებენ „ავტოპილოტის“ შესაძლებლობებს) მძღოლების ასეთ უპასუხისმგებლო ქცევას?