Stellantis-ი 2028 წლიდან იაფი ელექტრომობილების გამოშვებას დაიწყებს
იაფი და კომპაქტური ელექტრომობილები მალე ევროპის გზებს წალეკავს, ამიტომ თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ მოგესალმებით მახინჯი ელექტრომობილების ეპოქაში... საქმე ისაა, რომ საავტომობილო ბრენდების გიგანტურმა კონგლომერატმა, Stellantis-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავის პირველ E-Car-ს 2028 წელს გამოუშვებს, რაც სულ რაღაც ორ წელიწადში მოხდება.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
თუ გაინტერესებთ, რას ნიშნავს ეს ინიციალი, Stellantis-ის განმარტებით, E სიმბოლიზირებს ოთხ მთავარ პრინციპს: ევროპული, ემოციური, ელექტრო და ეკომეგობრული (European, Emotion, Electric, Environmental). შესაბამისად, ეს მოდელები დამზადებული იქნება ევროპაში, იქნება სამართავად სასიამოვნო, სრულად ელექტრონული და საწარმოოდ მაქსიმალურად ეფექტიანი.
როგორც ჯერ კიდევ მარტში გახდა ცნობილი, ეს ახალი ელექტრომობილები ზომასა და დინამიკურ მაჩვენებლებში საკმაოდ შეზღუდული იქნება (რაც მათ დაბალ ფასს უზრუნველყოფს), თუმცა მათში ასევე ვერ შეხვდებით თანამედროვე, ძვირადღირებულ უსაფრთხოების ტექნოლოგიებს.

კონცეფციის მიხედვით, ავტომწარმოებლებს მიეცემათ ე.წ. „სუპერ კრედიტები“ — ყოველი ასეთი გაყიდული პატარა ელექტრომობილის სანაცვლოდ, კომპანიას ექნება უფლება, ბაზარზე 1.3 შიგაწვისძრავიანი (ICE) ავტომობილი გაყიდოს. Stellantis-ის ხელმძღვანელის, ანტონიო ფილოზას თქმით, ეს პროექტი არის პასუხი ევროპაში ხელმისაწვდომი, მცირე ზომის ავტომობილების სეგმენტის კატასტროფულ შემცირებაზე.
ახალ მოდელებს იტალიაში, პომილიანოს ქარხანაში ააწყობენ — იქ, სადაც Fiat-ი ამჟამად საკულტო Panda-ს აწარმოებს. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის ბაზარს, ამ ეტაპზე E-Car-ის იქ ჩაყვანის საკითხი გადაწყვეტილი ჯერ ისევ არ არის.

ელექტრომობილების მასობრივი პოპულარიზაციისთვის გადამწყვეტი სწორედ ხელმისაწვდომი ფასია. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია Stellantis-ის მიდგომა, რომ ფასის შესამცირებლად უარი თქვას ძვირადღირებულ უსაფრთხოების ასისტენტებზე, და ექნება თუ არა ასეთ ელექტრომობილებს წარმატების შანსი ჩინურ იაფ ალტერნატივებთან ბრძოლაში?