Cybertruck-ის მძღოლმა ტბაში „შეცურა“ და პირდაპირ ციხეში აღმოჩნდა
იყო დრო, როდესაც მასკი თავის აუდიტორიას არწმუნებდა, რომ უახლოეს მომავალში მათი ელექტროპიკაპი, Tesla Cybertruck-ი „ნავის ფუნქციასაც“ კი შეითავსებდა. თუმცა, Roadster 2.0-ის მსგავსად, რომლის გამოშვებასაც „საშველი არ დაადგა“, ისე მილიარდერს არც ეს დაპირება შეუსრულებია. მაგრამ ამ ფაქტს ერთი ტეხასელი მძღოლისთვის ხელი არ შეუშლია, რომელმაც გადაწყვიტა პიკაპის სპეციალური წყალში მოძრაობის რეჟიმი – Wade Mode – პრაქტიკაში გამოეცადა.
წესით არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს მცდელობა კრახით და ძალიან დიდი წარუმატებლობით დასრულდა. მძღოლმა ვერც თავისი ექსპერიმენტით მიიღო სიამოვნება, Wade-ის რეჟიმი კი, ფაქტობრივად, უუნარო აღმოჩნდა. ადგილზე მისულ საპატრულო ჯგუფის დანაყოფს კი თავისი საქმის გაკეთება ნამდვილად არ გართულებია.
View this post on Instagram
Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ყველაფერი, ერთი შეხედვით, მშვიდად დაიწყო. მძღოლმა გრეიპვაინის ტბის ნაპირთან მანევრირებასაც თავი საკმაოდ კარგად გაართვა, თუმცა, როგორც კი შედარებით ღრმა წყალში შესვლა დაიწყო, ყველაფერი საპირისპიროდ წავიდა. პიკაპმა ჯერ სატვირთო მანქანის ფუნქციები დაკარგა და „ნავად გადაქცევის“ შანსზე კი საერთოდ აღარაფერს ვიტყვით.
გრეიპვაინის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და ჩაძირვა დაიწყო. ამის შემდგომ კი მძღოლსა და მგზავრებს სხვა გზა, Tesla-ს მიტოვებისა და თავის დაღწევის გარდა, აღარ დარჩათ. ელექტრომობილი ტბაში მიატოვეს სამაშველო ჯგუფის იმედად, რომელთაც, საბოლოოდ, მანქანა ნაპირზე გამოიტანეს.
პოლიციას არ დაუკონკრეტებია, რა დრო და ძალისხმევა დასჭირდა Cybertruck-ის ნაპირზე გამოყვანას. თუმცა ფაქტია: მაშინ, როდესაც ავტომობილი წყალში შევიდა, ჯერ კიდევ დილა იყო, ხოლო მაშინ, როდესაც საევაკუაციო ამწემ ის ტბიდან ამოათრია – ღამე. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ყველაფერი დასრულდა, პირიქით: Cybertruck-ის მძღოლისთვის კოშმარი ახლა დაიწყო.

სამართალდამცველებმა მძღოლი ადგილზევე დააკავეს. მას ბრალად პარკის ან ტბის აკრძალულ/დაკეტილ ზონაში ავტომობილის მართვა და უსაფრთხოების ზომების დარღვევა ედება. „მიუხედავად იმისა, რომ მანქანას შეიძლება ფიზიკურად შეეძლოს არაღრმა მტკნარი წყლის ადგილებში შესვლა, არის დაშვება, რომ ეს ქმედება ტეხასის კანონმდებლობასთან შეუსაბამობაში მოდიოდეს“, - ნათქვამია ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოს განცხადებაში.