წამებში განადგურებული მილიონი აშშ დოლარი | Lambo-ების უცნაური ავარია
ერთ სტანდარტულ დღეს ტეხასის გარეუბანში ორი ძვირადღირებული Lambo-ს ნახვის შანსი ძალიან დაბალია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ამ სუპერქარებს ერთსა და იმავე გზაჯვარედინზე, ავარიაში მოყოლილს გადააწყდებით. თუმცა ეს რეალურად მოხდა და ამ ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს ჩონჩხამდე დამწვარი ღია ცისფერი Aventador S და მის გვერდით გაჩერებული იისფერი Revuelto, რომელსაც წინა ნაწილი, ფაქტობრივად, სრულად განადგურებული აქვს.

Cy-Fair-ის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისვლისას მათ „ავარიაში მოყოლილი ორი Lamborghini იპოვეს, მათგან ერთი — ცეცხლმოკიდებული“. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია — უფრო მეტიც, ისიც კი არ ვიცით, შეეჯახნენ თუ არა ავტომობილები ერთმანეთს. ავარია ჰიუსტონის მახლობლად, ტეხასის შტატის 99-ე მაგისტრალისა და ჯეკ როუდის გადაკვეთაზე მოხდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად დაზარალებული ორივე მძღოლი ინციდენტს უვნებელი გადაურჩა და მათ შემთხვევის ადგილიც საკუთარი ფეხით დატოვეს. რეალურად, ეს ამ ტრაგიკულ ისტორიაში ერთადერთი კარგი ამბავია.

კადრები, რომლებიც მაშველებმა გადაიღეს, უკვე ავარიის შემდგომ არსებულ ვითარებას აღწერს. კადრებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Aventador S-ის მდგომარეობა გარკვეულწილად ყველაზე მძიმე იყო, რადგან მისი ძარის ძირითადი ნაწილი დამწვარია. მეხანძრეებს კაპოტის გადაჭრა დასჭირდათ, თუმცა მხოლოდ ბამპერისა და წინა მაშუქების გადარჩენა შეძლეს.
ამ ავარიის მეორე მსხვერპლი კი მოდიფიცირებული Revuelto გახლავთ. ეს კონკრეტული ეგზემპლარი ქამელეონ იასამნისფერშია შესრულებული და მას შეკვეთით დამზადებული ნაჭედი ალუმინის დისკებიც გამოარჩევს. უკანა რაკურსიდან სუპერქარი მეტ-ნაკლებად ხელუხლებლად გამოიყურება, თუმცა წინა ნაწილის ფოტო სულ სხვა რეალობას ასახავს — მანქანის ცხვირი პრაქტიკულად აღარ არსებობს და მისი ნაწილი პირდაპირ სალონშია „შესული“.

მიყენებული ზარალის დათვლა კი საკმაოდ საყურადღებო და მძიმე პროცესია. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მეორადი Aventador S-ის ფასი $420 000-დან $500 000-მდე მერყეობს. Revuelto-ს შემთხვევაში კი ფასი კიდევ უფრო იზრდება და $600 000–$700 000-იან შუალედს აღწევს. შედეგად, ამ შემთხვევის ჯამური ზარალი ძალიან მარტივად აჭარბევს $1-მილიონიან ნიშნულს.