Volvo-მ ათწლეულის წინანდელი XC60 განაახლა | როგორი იქნება ახალი მოდელი?
XC60 უკვე საკმაოდ ძველია, თუმცა Volvo-ს ეს ნამდვილად არ ადარდებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელის სასიცოცხლო ციკლი თითქმის ათწლეულს ითვლის, ის შვედური მარკის ყველაზე გაყიდვად ავტომობილად რჩება. ევროპაში ცოტა ხნის წინ მისი შენიღბული პროტოტიპიც შენიშნეს, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: Volvo-ს ქარხანაში მის კიდევ ერთ რესტაილინგს ამზადებენ.
ეს ყველაფერი კი ბევრად უფრო საინტერესო ხდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბოლო „ფეისლიფტი“ ბაზარზე ახლახან, 2026 წლის მოდელისთვის გამოჩნდა.

მეორე თაობის XC60 ბაზარზე 2017 წელს გამოვიდა. მცირე და შედარებით უფრო საფუძვლიანი განახლებებით კი მოდელი 2021 და 2025 წლებში ვიხილეთ. ავტომწარმოებელი ამას არ დასჯერდა და უკვე 2026 წელს ელექტრო EX60 წარმოადგინა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგიებით დახუნძლულმა სიახლემ მისი შიგაწვის ძრავის მქონე ვერსია შეიძლება წარმოებიდან გააძევოს.
ახალი შენიღბული პროტოტიპი კი ფოტოგრაფებმა ესპანეთში დააფიქსირეს. მათ მიერ მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მოდელში მაშუქები უფრო დავიწროებულია, ხოლო ცხაური — კომპლექსური და დეტალიზებული. სამკუთხა ჰაერმიმღებებს ვეღარ ვხედავთ წინა ბამპერზე, რომელიც წინა თაობის მოდელების სავიზიტო ბარათად იქცა.

როგორც ჩანს, პროფილი უმეტესად 2017 წლის ორიგინალი დიზაინიდანაა შენარჩუნებული. უკანა მხარეს კი შესამჩნევია LED მაშუქები, უფრო გრძელი ჰორიზონტალური ხაზებით, და სანომრე ნიშნისთვის შემცირებული ადგილიც. სამწუხაროდ, ინტერიერზე ბევრი არაფრის თქმა შეგვიძლია, რადგან ძირითადი ნაწილი დაფარული იყო და, შესაბამისად, საჭირო კადრებიც არ მოგვეპოვება.
მთავარი სიახლე კი, ალბათ, მაინც ძარის მიღმა იმალება. არსებობს ვარაუდები, რომ Volvo თავის XC60-ს ევრო 7-ის გამონაბოლქვის რეგულაციების დასაკმაყოფილებლად ამზადებს. ვრცელდება ხმები, რომ განახლებული „პლაგ-ინ“ ჰიბრიდული სისტემა მხოლოდ ელექტრორეჟიმით მოდელს 200 კილომეტრის დაფარვის საშუალებას მისცემს, რაც მნიშვნელოვანი ნახტომი იქნება ამჟამინდელი 82 კმ-იანი მაჩვენებლიდან.

განახლებული XC60-ის წარმოება, სავარაუდოდ, 2027 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ავტომობილის წარმოება შვედეთსა და ჩინეთში გაგრძელდება, ხოლო 2026 წლის ბოლოდან მათ სამხრეთ კაროლინაში მდებარე ქარხანაც შეემატებათ.