ტუნერების საავტომობილო მკრეხელობა — 6X6 Ferrari Testarossa 1.5 მილიონი ეღირება
ზოგიერთი ავტომობილი დროთა განმავლობაში საკულტო კლასიკად იქცევა, ზოგს კი ტეხასურ სატელევიზიო შოუში მესამე ღერძს უმატებენ და სრულ ეგზოტიკად აქცევენ... ინტერნეტში ექვსბორბლიანი Ferrari Testarossa-ს პირველი ფოტოების გამოჩენიდან 18 თვის შემდეგ, Gas Monkey Garage-მა (GMG) თავისი უახლესი და ყველაზე გიჟური პროექტი საბოლოოდ წარადგინა. მას Ferrari F6 დაარქვეს და ერთი, რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, მარანელოს სათაო ოფისიდან ტუნერებს სამადლობელ ბარათს ნამდვილად არავინ გამოუგზავნის...
ასევე იხილეთ: 7 შეუსაბამო დეტალი ავტომობილზე
პროექტის გზა საკმაოდ ქაოტური და რთული აღმოჩნდა. თავდაპირველად Gas Monkey Garage ამ 6×6 მონსტრზე Danton Art Kustins-თან და Frechy Export-თან ერთად მუშაობდა, თუმცა პარტნიორობა მალევე ჩაიშალა. შედეგად, GMG-ის დამფუძნებელი და მისი პარტნიორი იძულებულნი გახდნენ, საქმე ბოლომდე დამოუკიდებლად მიეყვანათ.
ვიზუალურად ავტომობილმა სერიოზული ევოლუცია განიცადა — ძარა ლეგენდარულ წითელ ფერში, Rosso Corsa-ში შეიღება, ხოლო ორიგინალი Pop-up ფარების ადგილი სპეციალურად დამზადებულმა ფიქსირებულმა ოპტიკამ დაიკავა. წინა ნაწილში ასევე ახალი შავი სპლიტერი და გაფართოებული ფრთები გვხვდება. ვინაიდან უკანა ნაწილს ახლა ოთხი ბორბალი და ორი ღერძი აქვს, ეს მონაკვეთი სრულად გადაკეთდა, თუმცა დიზაინერებმა მაქსიმალურად შეინარჩუნეს Testarossa-ს ორიგინალი ხაზები. ყველაზე აგრესიული დეტალი ერთმნიშვნელოვნად, შასისზე პირდაპირ დამაგრებული უზარმაზარი უკანა ფრთაა.

ყველაზე დიდი მკრეხელობა ფერარის ფანებისთვის მაინც ძრავის განყოფილებაში ხდება — ტრადიციული იტალიური 12-ცილინდრიანი ოპოზიტური აგრეგატის ნაცვლად, მანქანაში C7 თაობის Chevy Corvette Z06-ისგან ნასესხები 6.2-ლიტრიანი კომპრესორიანი LT4 V8 ჩაიდგა. ქარხნულ ვერსიაში ეს ძრავა 650 ცხენის ძალასა და 881 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრე უკანა ოთხივე ბორბალზე სპეციალურად შექმნილი ტრანსმისიის საშუალებით ნაწილდება, რომელსაც ატელიე პირობითად „სრულ ამძრაობას“ უწოდებს, დაკიდების სისტემა კი სრულად დამოუკიდებელია და Wilwood-ის გაძლიერებული მუხრუჭებით არის აღჭურვილი.

ინტერიერი ლეგენდარული Ferrari F40-ის სტილშია გადაწყვეტილი და ზედმეტი დეტალებისგან მაქსიმალურად დაცლილია. სალონში ვხვდებით Momo-ს სპორტულ საჭეს, ციფრულ მაჩვენებელთა დაფას და ნახშირბადის ბოჭკოს ბაზაზე დამზადებულ Recaro-ს სპორტულ სავარძლებს.

Ferrari F6-ის ოფიციალური დებიუტი 23 მაისს, იუთუბ არხებზე ერთად შედგა. პროექტი გაყიდვაშია და მისი ფასი 1.5 მილიონი დოლარია. სავარაუდოდ, იტალიური ბრენდის იურისტები, ატელიეს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლებენ (თუ, რა თქმა უნდა, Ferrari Luce-ს კატასტროფას ოდესმე გადაიტანენ...).