Bugatti-ს $3.5-მილიონიანი სუპერქარი Corvette-მა „შეარცხვინა“
დრაგრბოლებს განსაკუთრებულ ხიბლს სწორედ მოულოდნელი წყვილების დუელები სძენს და ეს შემთხვევაც ზუსტად ასეთია. წლების განმავლობაში, Bugatti Chiron-ი სერიულ ავტომობილებში წარმადობის აბსოლუტური სტანდარტი იყო, რომელიც სასტარტო ხაზიდან რაკეტივით წყდებოდა ადგილს. თუმცა, Chiron-ის გამოსვლიდან წლები გავიდა და რამდენიმე ჰიპერქარმა მის ხელშეუხებ სტატუსს „წყალი შეუყენა“. ახლა კი ისმის კითხვა: შეუძლია თუ არა ახალ Chevrolet Corvette ZR1X-ს მათ სიას შეუერთდეს?

თუმცა, სანამ უშუალოდ დრაგრბოლას დავუბრუნდებოდეთ, ის უზარმაზარი უფსკრულიც უნდა ვახსენოთ, რომელიც ამ ავტომობილების ღირებულებებს შორისაა. ZR1X-ის საწყისი ფასი დაახლოებით $209 000-ია, მაშინ როცა მეორადი Chiron-ები ბაზარზე სტაბილურად 3.5 მილიონ აშშ დოლარზე ძვირად იყიდება.
იმით დაინტერესებულმა, თუ როგორ გაართმევდა თავს მისი ახალი ZR1X ყოვლისშემძლე Bugatti Chiron-ს მეოთხედი მილის მანძილზე რბოლაში, YouTube-არხ DragTimes-ის წამყვანმა ბრუკსმა Corvette ფრანგულ ჰიპერქარს გვერდით დაუყენა. შედეგები კი, რომელსაც მათ ვიდეოში იხილავთ, წესით ის არ არის, რასაც მოველოდით.

პირველ დრაგრბოლაში ZR1X-მა თავისი სიმძლავრე გაცილებით უკეთ გამოიყენა და საწყისი წერტილიდან Chiron-ზე სწრაფად მოწყდა. შედარებისთვის, არიზონას ცხელ კლიმატში Bugatti-მ ადგილიდან ბუქსაობა დაიწყო. მეოთხედი მილის ნახევარზე, Corvette ფრანგების ჰიპერქარს 10 მანქანის სიგრძით უსწრებდა — ეს ისეთი ჩამორჩენაა, რომლის დაფარვაც Chiron-ს ნამდვილად არ შეეძლო.
მეორე რბოლაში Chiron-ის მძღოლი სტარტის ხაზთან უკეთესი აღმოჩნდა და მცირედით დაწინაურდა კიდეც. ამის მიუხედავად, Corvette-მა ჩამორჩენა სწრაფადვე შეამცირა და კიდევ ერთი მარტივი გამარჯვება დაისაკუთრა.
48 კმ/სთ სიჩქარიდან რბოლის დროს კი, წესით, Bugatti-ს შესამჩნევი უპირატესობა უნდა ჰქონოდა, მაგრამ ჩვენი მოლოდინები ბოლომდე არც აქ გამართლდა. პირველ ცდაზე Chiron-ის მძღოლმა უკეთესი სტარტი აიღო და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ Corvette-იც დიდად არ ჩამორჩენია. Chevy-ს მძღოლმა სიჩქარის გადართვისას შეცდომა დაუშვა, რაც მნიშვნელოვან წამებადაც დაუჯდა. თუმცა, მეორე ცდისთვის ჭკუა ისწავლა და ZR1X-ის გადაცემათა კოლოფი ავტომატურ რეჟიმში გადაიყვანა.
5.5-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავისა და ელექტროძრავის წყალობით, Corvette ZR1X 1 250 ცხენის ძალასა და 1 319 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. შედარებისთვის, სტანდარტული Chiron-ი 1 500 ცხენის ძალასა და 1 600 ნიუტონ-მეტრს ავითარებს. თუმცა, Corvette-ის მთავარი უპირატესობა მისი დაბალი წონაა. ეს უკანასკნელი 1 755 კილოგრამს იწონის, მაშინ როდესაც Chiron-ის წონა 1 995 კილოგრამია.