ილონ მასკი, რობოტაქსი, ტესლა
Aa
Aa

Tesla-ს 2020 წელს მილიონი რობოტაქსი უნდა ჰყოლოდა — რამდენი ჰყავს ახლა?

Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ 2019 წელს გაცემული პირობა, რომ ერთ წელიწადში გზებზე მილიონზე მეტი რობოტაქსი იმოძრავებდა, 2026 წლის მაისის რეალობით, კვლავ შორეულ ოცნებად რჩება. ტესლამ დათქმულ ვადებს არამხოლოდ კატასტროფულად გადააცილა, არამედ მისი არსებული, ისედაც მცირე ზომის ავტონომიური ავტოპარკი აშშ-ში ბოლო დროს შემცირდა კიდეც.

ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

გასულ წელს ტეხასში, კერძოდ ოსტინის შემოსაზღვრულ ლოკაციაზე დაწყებული საპილოტე პროგრამა მოგვიანებით დალასში, ჰიუსტონსა და კალიფორნიაში კი გავრცელდა, თუმცა მისი მასშტაბები Waymo-ს ფონზე ძალიან უმნიშვნელოა.

Robotaxi Tracker-ის უახლესი მონაცემებით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ტესლას ოთხივე რეგიონში ჯამში მხოლოდ 20 ერთეული სრულად ავტონომიური ავტომობილი ჰყავდა აქტიური. აქედან 14 ოსტინში მოძრაობს, 3 დალასში, 3 კი — ჰიუსტონში. 

რაც შეეხება კალიფორნიას, ადგილობრივი რეგულაციების გამო, ბრენდს იქ ერთი სრულიად ავტონომიური რობოტაქსის გაშვების უფლებაც კი არ აქვს. შესაბამისად, აქ მოქმედი Tesla-ს მანქანები ჩვეულებრივი პრინციპით, საჭესთან მჯდომი უსაფრთხოების მძღოლებით ოპერირებენ.

ყველაზე საგულისხმო კი ის არის, რომ ტესლას რობოტაქსების საერთო რაოდენობამ პიკს 2025 წლის დეკემბერსა და 2026 წლის იანვარში მიაღწია, მას შემდეგ კი მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება. გამოცემა Electrek-ის თანახმად, ბოლო კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით (ზედამხედველობის ქვეშ მყოფი და უმეთვალყურეო მანქანების ჩათვლით) მხოლოდ 34 აქტიური ტესლა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც, მაგალითად, აპრილში მარტო კალიფორნიის ფლოტი 107 ერთეულს შეადგენდა (ახლა იქ მხოლოდ 9 მანქანაა დარჩენილი).

ავტოპარკის ამგვარი შემცირების ოფიციალური მიზეზი კომპანიას არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები ამას უსაფრთხოების პრობლემებს უკავშირებენ. იანვრის მონაცემებით, ტესლას ავტონომიური პარკის მანქანები ყოველ 55 000 მილზე ერთ ინციდენტში ეხვეოდნენ, რაც ჩვეულებრივი ადამიანის მართვის საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით ოთხჯერ მეტია. კომპანიის დამფუძნებელი იმედებს FSD v15-ის განახლებაზე ამყარებს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები