ტოიოტა, ტოიოტა პრიუსი, ტოიოტა რავ4, კონფლიქტი ირანში
Aa
Aa

ჰორმუზის კრიზისის სიმხურვალემ Toyota-მდეც მიაღწია — იაპონელები წარმოებას ამცირებენ

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილი კრიზისი გლობალური ეკონომიკისათვის ზიანის მიყენებას აგრძელებს. მომხმარებელთა უმეტესობა ამას საწვავისა და ენერგორესურსების ფასების ზრდით უკვე გრძნობს, თუმცა პრობლემები ბენზინგასამართი სადგურების ფარგლებსაც სცდება. იაპონური მედიის ინფორმაციით, ტოიოტას მიერ დაანონსებული წარმოების შემცირება ნოემბრამდე ჯამში 83 000 ავტომობილს მიაღწევს. ეს ციფრი ორჯერ მეტია იმ 38 000-იან კლებაზე, რაც იაპონურმა გიგანტმა მარტის დასაწყისში, კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში გამოაცხადა.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

მთავარ მიზეზად ტოიოტა ენერგიის გაძვირებულ ხარჯებსა და ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ნაწილში მოთხოვნის შესუსტებას ასახელებს. წარმოების კლების ძირითადი დარტყმა უშუალოდ იაპონიაში მდებარე ქარხნებზე მოდის.

ეს შეზღუდვები პირველ რიგში შეეხება პოპულარულ ქროსოვერ Toyota RAV4-სა და მსუბუქ კომერციულ ავტომობილებს, რომლებიც ტოიოტას ინოვაციურ IMV (Innovative International Multipurpose Vehicle) პლატფორმაზე იწყობა და აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებისთვისაა განკუთვნილი.

ტოიოტას გარდა, წარმოების შემცირების, ექსპორტის შეჩერებისა თუ გეგმების კორექტირების შესახებ სხვა იაპონურმა ბრენდებმაც (Nissan, Mazda, Subaru) გამოაცხადეს, თუმცა ბევრად უფრო მცირე მასშტაბით.

საინტერესოა, რომ ენერგორესურსების გაძვირება მომხმარებელს უფრო მეტად უბიძგებს ეკონომიური ჰიბრიდებისა და ელექტრომობილებისკენ, რაც ტოიოტასთვის გარკვეულწილად მომგებიანიც კი აღმოჩნდა. გამოცემა Nikkei-ს თანახმად, ბრენდი მკვეთრად ზრდის Toyota Prius-ისა და რამდენიმე სრულად ელექტრო მოდელის წარმოებასა და საექსპორტო მოცულობებს.

პარალელურად, Reuters-ის ინფორმაციით, ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები აპრილში წლიურ ჭრილში 34%-ით გაიზარდა, სადაც მთავარი ბენეფიციარები ხელმისაწვდომი ჩინური ბრენდები აღმოჩნდნენ.

მაისში გამოქვეყნებული უახლესი ფინანსური პროგნოზის მიხედვით, ტოიოტა მიმდინარე ფისკალურ წელს მაინც გეგმავს ჯამში 10 მილიონი ავტომობილის რეალიზაციას (რაც 1%-ით მეტია წინა წელთან შედარებით). თუმცა, კომპანია აფრთხილებს ინვესტორებს, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სატარიფო პოლიტიკის გამო, მათი წმინდა მოგება სავარაუდოდ 22%-ით შემცირდება და დაახლოებით 3 ტრილიონ იენს ($18.9 მილიარდს) შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები