ყველგანმავალი, ტოიოტა, ეს იუ ვი, ოფროუდი, ტოიოტა 4რანერი
Aa
Aa

რატომ არ კარგავს ღირებულებას მე-3 თაობის 4Runner-ი გამოშვებიდან 30 წლის შემდეგაც?

საავტომობილო ბაზარზე ტოიოტას მოდელები ყოველთვის გამოირჩევიან გადაყიდვის ღირებულების მაღალი მაჩვენებლით, თუმცა ლეგენდარული Toyota 4Runner-ი ამ მხრივ თავად ბრენდის სხვა მოდელებსაც კი სჯაბნის. ჩნდება კითხვა — უნდა გაორმაგდეს თუ არა ავტომობილის ფასი 30 წლის განმავლობაში ავტოფარეხში დგომის შემდეგ? როგორც ჩანს, ერთ-ერთმა მყიდველმა ჩათვალა, რომ კი — მან 1996 წლის იდეალურ მდგომარეობაში მყოფ 4Runner SR5-ში, Mecum-ის აუქციონზე, წარმოუდგენელი ფასი, 52 800 დოლარი გადაიხადა. აღნიშნულ ავტომობილს ოდომეტრზე მხოლოდ 6 954 მილი (დაახლოებით 11 000 კმ) ჰქონდა და ისე გამოიყურებოდა, თითქოს შოურუმი ახლახან დატოვა.

ასევე იხილეთ: 10 ყველაზე გამძლე ყველგანმავალი ისტორიაში?

4Runner-ის მესამე თაობა, რომელიც საავტომობილო წრეებში — N180-ის სახელით არის ცნობილი, 1996-დან 2002 წლამდე იწარმოებოდა. დღეს ეს მოდელი საკულტო სტატუსით სარგებლობს ოფროუდის ენთუზიასტებს შორის, ისევე როგორც მათ შორის, ვისაც უბრალოდ საიმედო, გამძლე ყოველდღიური ტრანსპორტი სურს.

მიუხედავად იმისა, რომ საშუალო მდგომარეობის მესამე თაობის 4Runner-ის ფასი ბევრად უფრო ბიუჯეტურია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზარზე ნამდვილი ანომალიები დაფიქსირდა, როდესაც ძველი მოდელები 2026 წლის 4Runner-ის საწყის ფასზე ($42 070) ძვირადაც გაიყიდა. მაგალითად, 2026 წლის აპრილში, 2000 წლის 4Runner Limited-ი 20 000 მილი გარბენით 46 555 დოლარად გაიყიდა. ასევე, მარტში, 1997 წლის SR5 (34 000 მილი) ნიუ-ჯერსიში 42 500 დოლარად შეფასდა. გასულ სექტემბერს კი 1998 წლის მოდელი 51 000 მილი გარბენით კონექტიკუტში 40 000 დოლარად წაიყვანეს.

რატომ არის N180 ასეთი ძვირფასი?

მიუხედავად იმისა, რომ იდეალური ეგზემპლარები კოლექციონერებისთვის საინვესტიციო აქტივად იქცა, ამ მოდელის საშუალო საბაზრო ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში (140 გაყიდვის ანალიზით) ბევრად უფრო რეალური — 16 460 დოლარია. ეს ნიშნავს, რომ 30 წლის შემდეგაც კი, ავტომობილმა თავისი პირვანდელი ფასის მხოლოდ 57% დაკარგა. შედარებისთვის, სააგენტო CarEdge-ის მიხედვით, ტოიოტა 5 წელიწადში ღირებულების მხოლოდ 35.1%-ს კარგავს (მაშინ როცა, მაგალითად, Dodge 61.8%-ით უფასურდება), ხოლო თავად 4Runner ხუთ წელში მხოლოდ 25%-იან კლებას აჩვენებს.

ექსპერტები და მფლობელები N180-ის წარმატებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან:

  1. ტრანსმისიის ევოლუცია: 1996-2000 წლების საბაზისო ვერსიებს ტრადიციული მექანიკური (J-shifter) სრული ამძრაობა ჰქონდათ, თუმცა 1999-2000 წლების Limited კომპლექტაციამ და 2001-2002 წლების ყველა მოდელმა ე.წ. Multi-Mode სისტემა მიიღო. ეს უკანასკნელი მოიცავს დიფერენციალურ სარიგებელ კოლოფს, რომელიც საშუალებას აძლევს წინა და უკანა ღერძებს, დამოუკიდებლად იბრუნონ, რაც ხელს უშლის მექანიზმის გაჭედვას/დაზიანებას ასფალტზე მოძრაობისას.
  2. ლეგენდარული საიმედოობა: V6 ძრავა შეიძლება თანამედროვე სტანდარტებით ზანტია, თუმცა ის პრაქტიკულად დაუზიანებელია. წლიური სერვისი მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარი ჯდება. 
  3. მოდიფიკაციის პოტენციალი: N180 იდეალური ბაზაა ექსტრემალური უგზოობის პროექტებისთვის. ბაზარზე უამრავი სპეციალიზებული ნაწილი მოიპოვება — დაწყებული Old Man Emu-ს გაძლიერებული ზამბარებით, დამთავრებული Warn-ის ჯალამბარებითა (Winch) და Tundra-ს მძლავრი სამუხრუჭე სისტემებით, რაც მძიმე, ფოლადის ბამპერებით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებას ეფექტურად გაჩერებაში ეხმარება. 

ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით ვსაუბრობთ ისეთ ავტომობილებზე, რომელთა საინჟინრო რესურსი ათწლეულებს უძლებს და მზად არის გზებზე კიდევ ნახევარი მილიონი კილომეტრი გაიაროს — როგორც ჩანს, სხვა ავტომოყვარულებიც ასე ფიქრობენ...

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა 90-იანი წლების 4Runner-ში $52 000-ის გადახდა გამართლებული ინვესტიცია ნამდვილი საავტომობილო ნოსტალგიისა და გამძლეობის გამო, თუ თანამედროვე ბაზარზე ეს ფასი მაინც ხელოვნურად გაბერილი კოლექციონერული ეიფორიის შედეგია?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები