სუპერქარი, ტოიოტა, სპორტქარი, ტოიოტა ჯიარ ჯითი
Aa
Aa

Toyota GR GT-ის მსურველებს სპორტქარის შეძენამდე გასაუბრების გავლა მოუწევთ

საავტომობილო სამყაროში სუპერქარების შეძენის ექსკლუზიური პრაქტიკა, რომელიც აქამდე ძირითადად Ferrari-ს, Bugatti-სა და Porsche-ს სავიზიტო ბარათი იყო, უკვე ტოიოტას რეალობადაც იქცა. იაპონური ავტოგიგანტის ახალი ფლაგმანის, Toyota GR GT-ის შეძენა არ იქნება ისეთი მარტივი პროცესი, როგორიც სადილეროში დიდი თანხით შესვლა და მანქანის არჩევაა. Gazoo Racing-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ ჰიპერქარის ყიდვა უფრო სამუშაო გასაუბრებისა და ფსიქოთერაპიის სესიის ნაზავს დაემსგავსება.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

ჰიბრიდული სუპერქარის სავარაუდო ფასი 220 000$-ს გადააჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ Toyota-ს ემბლემისთვის ეს თანხა ერთი შეხედვით შოკისმომგვრელია, თანამედროვე პერფორმანს-ბაზრისთვის უცხო არ არის: ახალი Chevrolet Corvette ZR1X 200 000 დოლარზე მეტი ღირს, ხოლო Ford Mustang GTD თითქმის ორჯერ ძვირია. თუმცა, ვინაიდან ეს ბრენდისთვის სრულიად უცხო ტერიტორიაა, ტოიოტა განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს, თუ ვის ხელში აღმოჩნდება ახალი სუპერქარები.

„ჩვენ ძალიან ბევრი საშინაო დავალების შესრულება მოგვიწია, რადგან, სიმართლე გითხრათ, ასეთი კატეგორიის კლიენტებს ჩვენს შოურუმებში, იქნება ეს ტოიოტა თუ ლექსუსი, აქამდე არ შევხვედრივართ“, — აღნიშნა გამოცემა Autoblog-თან ინტერვიუში Gazoo Racing-ის სპორტული პროგრამების დირექტორმა, ჯეფ ბალმა.

შესაბამისად, აშშ-ში GR GT-ის გაყიდვებს ტოიოტას ცენტრები საერთოდ არ განახორციელებენ. მის რეალიზაციას მთლიანად Lexus-ის შოურუმები გადაიბარებენ, სადაც პროცესს სპეციალურად გადამზადებული GR Meister-ები უხელმძღვანელებენ. „მეისტერი“ იქნება კლიენტის პირველი კონტაქტი, რომელიც მას შესყიდვიდან დაწყებული, ავტომობილის ფლობის მთელ პერიოდში გაუწევს მეგზურობას. ბალის თქმით, ის მფლობელისთვის მეგობარი იქნება მთელი სიცოცხლის მანძილზე, სანამ ეს მანქანა მის ფარეხში იდგება.

ტოიოტას მთავარი მიზანია, ავტომობილი ნამდვილ ენთუზიასტებს შეხვდეთ და არა მათ, ვინც მიღებისთანავე მის გადაყიდვას და დიდ მოგებას გეგმავს. „კლიენტების ძალიან სერიოზული ფილტრაცია (Vetting) მოხდება. ეს ნამდვილად დაემსგავსება სამუშაო გასაუბრებას,“ — აღიარებს ბალი.

ჯერჯერობით უცნობია, აიძულებენ თუ არა მყიდველებს სპეციალური კონტრაქტის გაფორმებას (რომელიც გარკვეული ვადით კრძალავს მანქანის გაყიდვას), თუმცა ცნობილია, რომ მხოლოდ სიმდიდრე და ცნობადობა ამ მანქანის გასაღების მისაღებად საკმარისი არ იქნება. ინფლუენსერებს, რომლებსაც ავტომობილი მხოლოდ სოციალური ქსელების კონტენტისთვს სურთ, მინიმალური შანსი აქვთ, ხოლო იმ მძღოლებს, რომლებიც რეალურად აპირებენ მანქანით სიარულს — მწვანე შუქი აენთებათ.


ამ უპრეცედენტო ექსკლუზიურობის მიღმა სერიოზული საინჟინრო პლატფორმა იმალება. მოლოდინების თანახმად, GR GT აღჭურვილი იქნება 4-ლიტრიანი Twin-Turbo V8 ძრავით, რომელიც ჰიბრიდულ სისტემასთან წყვილში მინიმუმ 641 ცხენის ძალასა და 850 ნიუტონს გამოიმუშავებს. 

ეს იქნება ყველაზე ექსტრემალური მოდელი, რაც კი ბრენდს ლეგენდარული V10 ძრავიანი Lexus LFA-ს შემდეგ შეუქმნია. ამ პროცესისთვის კომპანია უკვე ფარულად ამზადებს დილერებს ტეხასში მდებარე GR Experience Center-ში, სადაც ლექსუსის რიტეილერები სწავლობენ, თუ როგორ მუშაობს ექვსნიშნა ციფრის მქონე ტოიოტას სუპერქარის გაყიდვისა და სერვისის ხელოვნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები