უკვდავი შვედური სტილი
ყველა კომპანიის ისტორიაში არსებობს მოდელი, რომელიც გასული წლების მიუხედავად ყველაზე მეტად გვახსოვს. რუტინულ ავტოწარმოებაში ყოველთვის იარსებებს ისეთი ავტომობილები, რომლებიც ხარისხიანი გემოვნების მქონე ავტომოყვარულებს გულებს უთბობს. Saab 900 Turbo მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვის დიდი პოპულარულობით სარგებლობდა და განსხვავებული სტილის მქონე ავტომობილის სტატუსს ყოველთვის შეინარჩუნებს.
.jpg?t=172090661706)
Saab-ი ყოველთვის უცნაურ და ყველასგან განსხვავებულ მანქანებს ქმნიდა, თუმცა ამ მოდელში ვიზუალიდან დაწყებული აგრეგატებით დამთავრებული ყველაფერი უჩვეულო და დასამახსოვრებელი იყო. შვედური ავტოწარმოება მუდამ მაღალი ხარისხითა და დამახასიათებელი სტილით გამოირჩეოდა. შესაბამისად ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ისტორიის მქონე კომპანია ავტომობილებს აღარ აწარმოებს.
ყველა საავტომობილო ეპოქას თავისი სტილი გააჩნდა, დროთა განმავლობაში ეს სტილი იხვეწებოდა და თანამედროვე სამყაროს ფეხს უწყობდა, თუმცა Saab-ი ყოველთვის თავისი პრინციპების ერთგული იყო. ამ კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილების ყველაზე დასამახსოვრებელი მოდელი 70-იანი წლების მიწურულს ვიხილეთ. Saab 900 Turbo-მ კომპანიისთვის სახასიათო სტილი შექმნა, რის შემდეგაც ეს ნიშა მას წარმოების ბოლო წლებშიც კი არ დაუკარგავს.

მისი დიდი და კუთხოვანი საქარე მინა ყველას გვახსოვს, აგრეთვე წვეტიანი წინა ნაწილი და დაბლა დაწეული კუდი. ამ ავტომობილმა მოახერხა და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ავტომობილებში ტურბოდაბერვის მქონე ძრავების სტანდარტი ჩამოაყალიბა, რაც 70-იან წლებში უიშვიათესი მოვლენა იყო. ავტომობილი 4-ცილინდრიანი და 2-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელსაც 16 სარქველი და ორი ზედა გამანაწილებელი ლილვი ჰქონდა. აღნიშნული აგრეგატი 175 ცხენის ძალასა და 272 ნიუტონს გამოიმუშავებდა. 1250-კილოგრამიანი „კუპე“ 100-მდე 8 წამში ჩქარდებოდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 215 კმ/სთ-ს შეადგენდა. 1985 წელს ეს მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და მას ბევრი ავტომწარმოებელი ვერ იმეორებდა. Saab 900 Turbo-სთვის სტაბილური მართვა, უმაღლესი ხარისხის დეტალები, ძლიერი სამუხრუჭე სისტემა და უეცარი აჩქარება ის დამახასითებელი უნარები იყო, რაც მას სხვებისგან გამოარჩევდა. კომპანიის ავიაწარმოების ისტორიიდან გამომდინარე მის ინტერიერში შევხდებოდით Saab-ის სავიზიტო ბარათს - ავტომობილის დაქოქვა ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული გასაღებით იყო შესაძლებელი, ზუსტად ისე, როგორც დიდ ავიაციაში.
ჩვენმა გმირმა 1978 წლიდან მოყოლებული 1994 წლამდე უამრავი განახლება მიიღო, მაგრამ 16 წლის განმავლობაში და შემდგომ პერიოდშიც მას ფუნდამენტალური ცვლილება არ განუცდია, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ავტომობილი ძალიან დიდი იმიჯით სარგებლობდა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ავტომობილია.