ტეხასელმა ახალი Cybertruck-ი მისი რეალური ისტორიის გაგების შემდეგ, იმავე დღეს უკან დააბრუნა
ტეხასში მცხოვრებმა მამაკაცმა სრულიად ახალი Tesla Cybertruck-ი შეიძინა — ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ეგონა, თუმცა მისი წარსულის გაგების შემდეგ, ელექტროპიკაპი დაუყოვნებლივ უკან დააბრუნა.
რეზა სოლტანიმ ელექტრომობილის შესაძენად საჭირო შეკვეთა განათავსა და იმ ხანგრძლივი ლოდინისთვისაც მოემზადა, რომელიც, როგორც წესი, Cybertruck-ის მფლობელამდე მისვლას თან ახლავს. თუმცა, მისდა გასაკვირად, ჯავშნის გაკეთებიდან ძალიან მალე შეტყობინება მოუვიდა, რომ მისი ელექტროპიკაპი წასაყვანად უკვე მზად იყო. პირველი ეჭვებიც სწორედ აქ გაუჩნდა.
ასევე დაგაინტერესებთ:რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
სოლტანიმ ავტომობილი რეალურად 2025 წლის აპრილში შეუკვეთა და გაკვირვებული დარჩა, როდესაც ფაქტობრივად იმავე დღეს Tesla-დან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ავტომობილის წაყვანა უკვე შეეძლო. თავდაპირველად, ეს მართლაც შესანიშნავ სიახლედ ჩანდა, რაც მფლობელს დამღლელ ლოდინს არიდებდა, თუმცა, როდესაც სოლტანი დეტალების გადამოწმების მიზნით Tesla-ს წარმომადგენლებს დაუკავშირდა, „შავბნელ“ სიმართლესაც ფარდა აეხადა.
აღმოჩნდა, რომ Cybertruck-ი, რომელიც სოლტანის უნდა გაეყვანა, საწარმოო ხაზიდან 2025 წლის რვა იანვარს გამოვიდა. ეს კი ნიშნავს, რომ ავტომობილი, დანიშნულების წერტილზე მიყვანამდე, დაახლოებით ოთხი თვე საწყობში გაჩერებული იდგა.

სოლტანიმ თავისი გამოცდილება Facebook-ის ჯგუფში Cybertruck-ის სხვა მფლობელებს გაუზიარა და განმარტა, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ ავტომობილისადმი დამოკიდებულება სრულად შეეცვალა. მან უარი თქვა ამ კონკრეტული ერთეულის გაყვანაზე და სანაცვლოდ სხვა ეგზემპლარი მოითხოვა.
უნდა ითქვას, რომ ეს უცნაური შემთხვევა იმ დროს დაემთხვა, როდესაც Tesla Cybertruck-ი არა მისი ფუტურისტული და განსხვავებული დიზაინის, არამედ გაყიდვების ვარდნისა და სხვადასხვა დეფექტის გამო უკან გაწვევების პრობლემის წინაშე დგას. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Cybertruck-ების დიდი ნაწილი თავად ილონ მასკმა შეიძინა SpaceX-ისთვის, გაუყიდველ ერთეულებს კი კომპანიის მანქანებად იყენებს. ეს ყველაფერი კი მწარმოებლისა და მისი მოდელის იმიჯზე კარგად ნამდვილად არ მოქმედებს.
ასევე იხილეთ: ყოველი ხუთი Tesla Cybertruck-დან ერთი თვითონ მასკმა შეიძინა

ამ შემთხვევაში ტეხასელი მძღოლი კარგად გადარჩა, რომ ავტომობილი სახლში არ წაიყვანა და კვლავ სადილეროში დატოვა. იმის გაგება, რომ შენი „ახალი“ ავტომობილი თვეების განმავლობაში მიტოვებული იდგა, ალბათ, კარგი ამბავი არავისთვის უნდა იყოს. Tesla-ს კი, წესით, არ სურდა, ეს ვინმეს გაეგო.