პროექტი, კორვეტი, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი
Aa
Aa

Corvette, რომელიც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ჰგავს | ინჟინრებმა ლეგენდარული C2 Stingray გააცოცხლეს

თქვენ წინაშე C2 Stingray-ს თანამედროვე ვერსიაა, რომელზეც დამოუკიდებელი ინჟინრების გუნდმა იმუშავა.

ბოლო წლებში არაერთმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, წარსულიდან კლასიკური მოდელები გაეხსენებინა, რის შედეგადაც არაერთი საინტერესო პროექტი თუ ავტომობილი მივიღეთ. ამ ტენდენციის მიმდევრებს შორის, თუმცა ერთმანეთისგან რადიკალურად სხვადასხვა მხარეს, შეგვიძლია მივიჩნიოთ ექსკლუზიური Lamborghini Countach LPI 800-4 და მართლაც რომ გამორჩეული Renault 5 E-Tech-ი. ამ ფონზე, ერთი კითხვა თავისთავად რჩება — უნდა გააკეთოს თუ არა Chevrolet-მაც იგივე თავისი საკულტო Corvette-ის შემთხვევაში?

რადგან Corvette თავისი C8-ისთვის შუაძრავიან განლაგებაზე გადავიდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Chevrolet-ი წინაძრავიან დიზაინს დაუბრუნდება და C2 და C3 თაობების პატივსაცემად ახალ მოდელს გამოუშვებს. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია Jaguar-ის ექსტერიერის დიზაინის მენეჯერისთვის, ჯეისონ ბატერსბისთვის, წარმოედგინა, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ასეთი ქმნილება. ბევრისთვის სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პირადი პროექტია, რომელიც თავისუფალ დროს შეიმუშავა. შესაბამისად, მას არანაირი კავშირი არ აქვს Jaguar-ის ოფიციალურ საქმიანობასთან. თუმცა მასსა და ქარხნულ C2 Corvette Stingray-ს შორის მსგავსება აშკარაა.

კლასიკური ვერსიის მსგავსად, ამ მოდელსაც მოგრძო კაპოტი აქვს, ცენტრში გამოკვეთილი, აგრესიული ამაღლებით. ამას კი ერთვის ვიწრო ამოსაწევი მაშუქები, რომლებიც ძველ მოდელებს ახასიათებდათ, და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფორმის წინა ფრთები და საბურავების თაღები. განსაკუთრებით საინტერესო და თან ნოსტალგიური მაინც ამ მოდელის უკანა მხარეა. მართალია, აქ C2-ისთვის დამახასიათებელ ლეგენდარულ უკანა ფანჯარას ვერ ვხვდებით, თუმცა ვხედავთ სახურავიდან საბარგულის მიმართულებით დაშვებულ ორ საჰაერო ჭრილს, რომლებიც იმ გაყოფილი ფანჯრის სტილს იმეორებს. ამ პროექტის უკანა ნაწილი გარკვეულწილად Ferrari Roma-საც გვაგონებს, განსაკუთრებით მისი ჰორიზონტალური LED-მაშუქების გამო.

ბატერსბიმ, რომელმაც C2 და C3 თაობების ეს თანამედროვე გაერთიანება თავდაპირველად Audi-ს დიზაინის განყოფილების დატოვებისას, ჯერ კიდევ 2023 წელს შექმნა, ავტომობილს კარბონის დახვეწილი დიფუზორი და უნიკალური გამონაბოლქვი სისტემაც შეუთავსა. დიზაინის სხვა დეტალებს შორის, რომლებიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ვერცხლისფერ-შავი ფერის დიდი ზომის დისკები, კარბონის წინა სპლიტერი და წინა ბორბლების უკან მოთავსებული კარბონის ფარფლებიც.

მიუხედავად იმისა, რომ Chevrolet-ისთვის ასეთი რეტრომოდელის მასობრივი წარმოება აზრს მოკლებული გადაწყვეტილება იქნებოდა, ალბათ, შეზღუდული რაოდენობით მათი გამოშვება ბევრი ავტომოყვარულის გულს მოიგებდა. მსგავსი ტიპის ექსკლუზივი თანაბრად მიიზიდავდა როგორც ახალგაზრდა, ისე შედარებით ასაკოვან ავტომოყვარულებს. საქმე მხოლოდ ფასშია. მისი შემუშავება დიდ ხარჯთან იქნებოდა დაკავშირებული და საბოლოო ღირებულება შესაძლოა იმდენად მაღალი გამოსულიყო, რომ მისი შეძენა ყველაზე მდიდარ კოლექციონერებსაც კი გასჭირვებოდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები