ექსპერტების ვარაუდით, ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ექსპორტი ძველ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება
გლობალური ენერგეტიკული ბაზარი და საერთაშორისო გადაზიდვების სექტორი სრულიად ახალი რეალობის წინაშე დგას. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო კამპანიას თეირანმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადით უპასუხა, ნავთობის მიწოდების ისტორიაში უდიდესი კრიზისი დაიწყო. ექსპერტთა შეფასებით, კონფლიქტის დასრულების შემდეგაც კი, საზღვაო მიმოსვლა ამ უმნიშვნელოვანეს არტერიაში ძველ ნიშნულს ვეღარ დაუბრუნდება.
საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრებისა და ლოგისტიკური გიგანტების პროგნოზით, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების პრინციპი წარსულს ჩაბარდა და ბაზარი ახალ, „ორად გაყოფილ“ მოდელზე გადადის.

ახალი პოლიტიკური რეალობა ჰორმუზის სრუტეში
აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში, ამოს ჰოხშტეინი CNBC-ის ეთერში აცხადებს, რომ რეგიონის ყველა ლიდერი და მოთამაშე უკვე შეეგუა ფაქტს — ირანმა სრუტეზე დე ფაქტო ოპერაციული კონტროლი მოიპოვა:
„რა შეთანხმებასაც არ უნდა მოეწეროს ხელი, ირანელები უახლოეს მომავალში სრულად გააკონტროლებენ ჰორმუზის სრუტეს. რეგიონში ამაში ეჭვი არავის ეპარება.“, — განაცხადა მან.

ავტორიტეტული გამოცემა Lloyd’s List-ის მთავარი რედაქტორი აღნიშნავს, რომ საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი, საზღვაო ტრაფიკი ომამდელი მოცულობის მხოლოდ 60-70%-ს დაუბრუნდება. ამასთან, ჩინეთთან ასოცირებული გემები თავისუფლად იმოძრავებენ, ხოლო დასავლურ კომპანიებს ირანთან ორმხრივი პოლიტიკური შეთანხმებების გაფორმება დასჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლურ გემებს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ (IRGC) კოორდინაცია მოუწევთ, რაც ავტომატურად აშშ-ის მკაცრი სანქციების დარღვევის რისკს წარმოშობს.
წითელი ზღვის გაკვეთილი
საავტომობილო ინდუსტრიისა და გლობალური ეკონომიკისთვის ეს გეოპოლიტიკური ჩიხი მოულოდნელი არ არის. წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ 2023 წლის ნოემბერში დაწყებულმა თავდასხმებმა უკვე აჩვენა, თუ რამდენად ადვილია სტრატეგიული საზღვაო დერეფნების პარალიზება. ბაბ ელ-მანდების სრუტეში გემების მოძრაობა 2023 წლის ბოლოდან დღემდე განახევრებულია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში აქტიური თავდასხმები აღარ ფიქსირდება.
თუმცა, როგორც S&P Global Market Intelligence-ის ანალიტიკოსი ჯეკ კენედი განმარტავს, წითელი ზღვისგან განსხვავებით, სადაც გემებს შეუძლიათ გვერდი აუარონ საფრთხეს და აფრიკის კონტინენტის (კეთილი იმედის კონცხის) გავლით იარონ, ჰორმუზის სრუტეს ალტერნატივა არ გააჩნია. ომამდე მსოფლიო ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) 20% სწორედ ამ ვიწრო დერეფანზე გადიოდა.

ნავთობმიწოდების სრული კოლაფსისგან მსოფლიო საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) საევაკუაციო მილსადენებმა იხსნა, რომელთა საშუალებითაც ნავთობის ნაწილის გადამისამართება წითელ ზღვასა და ომანის ყურეში ხდება. მიუხედავად ამისა, მილსადენები ვერ აკომპენსირებენ ჰორმუზის სრულ მოცულობას.
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი მიიჩნევს, რომ ირანმა თავისი მთავარი კარტი უკვე გაათამაშა და გრძელვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის მნიშვნელობა შემცირდება, რადგან ყურის ქვეყნები ფორსირებულად აშენებენ ახალ ინფრასტრუქტურას. მაგალითად, საამიროებში უკვე დაააჩქარეს მეორე მეგა-მილსადენის მშენებლობა, რომელიც 2027 წელს შევა ექსპლუატაციაში და სრუტეს სრულად აუვლის გვერდს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებენ ახალი მილსადენები გლობალური ენერგობაზრის სტაბილიზაციას, და მიგაჩნიათ თუ არა, რომ საწვავის ამ ახალი რეალობის ფონზე, შიდაწვის ძრავების ეპოქის დასასრული იმაზე ბევრად სწრაფად დადგება, ვიდრე ამას მწარმოებლები გეგმავდნენ?