ლილოს მიმართულებით, ჩქაროსნული მაგისტრალი გაკეთდება, რომლითაც ქალაქში შემოსვლა არ იქნება საჭირო - კალაძე
მცხეთიდან დიდი დიღმის მიმართულებით, შესაძლოა, ალტერნატიული შემოსასვლელი მოეწყოს. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის საკითხზე მოკვლევა უკვე მიმდინარეობს.
გარდა ამისა, როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, ავჭალა-ზაჰესის გავლით, ლილოს მიმართულებით, ქალაქში შემოსვლის გარეშე გაკეთდეს ჩქაროსნული მაგისტრალიც.
“ჯერ არ გამიჟღერებია და პირველად თქვენი ეთერით ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელის გაკეთება დიდი დიღმის მიმართულებით, უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რა პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი. ასევე, ავჭალა-ზაჰესის გავლით ლილოს მიმართულებით ქალაქში შემოსვლის გარეშე რომ გაკეთდეს ჩქაროსნული მაგისტრალი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.