როგორია ახალი Subaru Forester-ი — TopGear-ის შეფასება
Subaru-ს საწარმოო ხაზში Forester-ი ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ადგილს იკავებს — ის ზომით უფრო დიდია, ვიდრე კომპაქტური Crosstrek-ი, თუმცა უფრო მანევრული და მაღალია, ვიდრე უნივერსალი Outback-ი. წლების განმავლობაში იაპონური ავტომწარმოებლის გულშემატკივრებმა მოდელი თავისი შესაძლებლობების, გამძლეობის, ხელმისაწვდომი ფასისა და უნივერსალურობის დამსახურებით შეიყვარეს.
დღეს Forester ბაზარზე სამი ძირითადი ვერსიით არის წარმოდგენილი — სტანდარტული, ჰიბრიდული და ექსტრემალური Wilderness, რომელიც უგზოობის დასაპყრობად ქარხნიდანვე მზად არის.
ასევე იხილეთ: ცუნამს გადარჩენილი ლურჯი Subaru - ავტოპორტრეტი
ახალი თაობის დიზაინი საკმაოდ აგრესიული, დანაწევრებული და კუთხოვანი გამოვიდა. თუ სტანდარტული ვერსიის მკვეთრი ხაზები თქვენს გემოვნებაში არ ჯდება, Wilderness მოდელი სიტუაციას მასიური, პლასტიკური დამცავი გარსით ასწორებს. ბრენდის ჩანაფიქრით, Wilderness ვიზუალურად სალაშქრო ფეხსაცმელს უნდა ჰგავდეს — ის უხეშია, თუმცა ფუნქციური. სტანდარტული და ჰიბრიდული ვერსიები უფრო სუფთა, აეროდინამიკული ფორმებით გამოირჩევა.
ძრავა და სავალი ნაწილი
კაპოტქვეშ ტრადიციული არქიტექტურა გვხვდება — სტანდარტულ და Wilderness კომპლექტაციებში 2.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა, რომელიც 180 ცხენის ძალასა და 241 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. რაც შეეხება ჰიბრიდულ ვერსიას, ელექტრიფიკაციის წყალობით, ჯამური სიმძლავრე 194 ცხენის ძალამდე, ხოლო მაბრუნი მომენტი თითქმის 271 ნიუტონ-მეტრამდე იზრდება.

ყველა მოდელი სუბარუს ლეგენდარული სიმეტრიული სრული ამძრაობის სისტემითაა აღჭურვილი. საბაზისო კომპლექტაციის გარდა, ყველა ვერსიაში ხელმისაწვდომია უგზოობის პროგრამული უზრუნველყოფა X-Mode და დამრეცი ფერდობიდან დაშვების ასისტენტი.
სუბარუმ ბოლო წლებში აქცენტი მიზნობრივ აუდიტორიაზე გადაიტანა — მათთვის პრიორიტეტი საოჯახო პრაქტიკულობა და მსუბუქი/საშუალო უგზოობაა და არა სპორტულობა (სპორტისთვის ბრენდს BRZ და WRX ჰყავს). შესაბამისად, Forester-ის მართვა განსაკუთრებული ემოციებით არ გამოირჩევა, თუმცა ის თავისი 180 ცხენის ძალით ა წერტილიდან ბ წერტილამდე უსაფრთხოდ მიგიყვანთ.

თუმცა, მგზავრობისგან სიამოვნების მიღებაში შესაძლოა ხელი შეგეშალოთ აქტიური უსაფრთხოების სისტემამ — სუბარუს მძღოლის მონიტორინგის სისტემა (Eye-tracking) ისეთივე მკაცრია, როგორც გაბრაზებული მასწავლებელი გამოცდაზე. ის არამხოლოდ ტელეფონში ჩახედვას გიკრძალავთ, არამედ წივის მაშინაც კი, როდესაც მულტიმედიის ეკრანს დიდხანს უყურებთ ან სარკეებში გზის სიტუაციას აკონტროლებთ.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მთავარი პრეტენზია ცენტრალურ 11.6-დუიმიან პლანშეტის სტილის სენსორულ ეკრანთან ჩნდება. სისტემა მუშაობს ნელა, თითქოს ძველი აპარატურა თანამედროვე პროგრამის გაშვებას ცდილობდესო, ხოლო Apple CarPlay-ის დაკავშირება პროცესს კიდევ უფრო ანელებს.

სალონის ფუნქციონალი და ალტერნატივები
კაბინა მაქსიმალურად პრაქტიკული და ერგონომიულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფუნქცია ეკრანშია გადატანილი, ძირითადი ღილაკები ფიზიკური დარჩა. სალონი სავსეა სათავსოებითა და USB პორტებით, რაც კემპინგის დროს იდეალურია. Wilderness ვერსია კი დამატებით გთავაზობთ გაზრდილ კლირენსს, All-Terrain საბურავებსა და სპეციალური ფორმის ბამპერებს, რაც გზის უსწორმასწორო მონაკვეთებზე შესვლისა და გამოსვლის კუთხეებს აუმჯობესებს.
თუ Forester თქვენი სტილი არ არის, ბაზარზე მთავარ ალტერნატივებად ულტრა-პოპულარული და უნივერსალური Toyota RAV4 ან უგზოობისთვის კარგად მომზადებული Ford Bronco Sport Sasquatch განიხილება.

ერთი სიტყვით, ახალი Forester-ი არის ზუსტად იმ ზომისა და შესაძლებლობების SUV, რომელიც სუბარუს ერთგულ ფანებს უყვართ. ხელმისაწვდომი ფასისა და X-Mode-ის უბადლო მუშაობის წყალობით, მცირე ტექნოლოგიური ხარვეზები მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც თქვენი მიზანი ბუნებაში გასვლა და მორიგი სალაშქრო ბილიკის აღმოჩენაა.