რა არის ელექტრიფიკაცია და რატომ ჩამოდის ევროპა მასზე ფსონს?
ევროპის კავშირში სატრანსპორტო და სამრეწველო ინდუსტრიების ელექტრიფიკაცია, უმეტესწილად, ენერგოსისტემების მოდერნიზაციასა და ენერგიის შენახვის სიმძლავრეების ზრდაზეა დამოკიდებული.
ევროპის კავშირში შემავალი ქვეყნების ლიდერები ელექტრიფიკაციას მხარს უჭერენ და მიიჩნევენ, რომ მას ბლოკისთვის რიგი გამოწვევების გადაჭრა შეუძლია, მათ შორის, როგორიცაა: ენერგორესურსებზე მაღალი ფასები, ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობა და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების საბოლოოდ მოხსნა. თუმცა ამ მიზნის მიღწევა მოძველებულ ელექტროქსელებსა და ენერგიის შენახვის სისტემებში მასშტაბურ ინვესტიციებს ითხოვს და ქვეყნების ნაწილიც მსგავსი „თავგანწირვისთვის“ ჯერ მზად არაა.

ელექტრიფიკაციის აუცილებლობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე გამოჩნდა. კონფლიქტის ესკალაცია აისახა გაზრდილ ფასებში და ენერგოკრიზისის საფრთხეში, რომლის შედეგებისგან ევროპული ეკონომიკების ნაწილი ჯერ სრულად არ აღდგენილა.
რა არის ელექტრიფიკაცია?
ელექტრიფიკაცია წიაღისეულ საწვავზე — მათ შორის, ქვანახშირზე, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე — მომუშავე ტექნოლოგიების ელექტროენერგიაზე მომუშავე ალტერნატივებით ჩანაცვლებაა. როდესაც ბლოკის ლიდერები ელექტრიფიკაციაზე საუბრობენ, ისინი ძირითადად განახლებად რესურსებზე დაფუძნებულ ეკონომიკასა და საზოგადოებაზე საუბრობენ. ეს, ყველა დანარჩენთან ერთად, რა თქმა უნდა, გულისხმობს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას.

ევროპის კავშირის წარმომადგენლების განცხადებით, ელექტრიფიკაციის ზრდას შეუძლია დააკმაყოფილოს მოთხოვნა როგორც ტრანსპორტის სექტორში, ასევე მშენებლობასა და მრეწველობაში. არსებული რესურსი კი ჩანაცვლდება ნახშირბადის დაბალი შემცველობის მქონე ელექტროენერგიით, რითაც გამონაბოლქვი (ემისიები) მნიშვნელოვნად შემცირდება.
წიაღისეული საწვავიდან ელექტროენერგიაზე გადასვლა ასევე დაეხმარება ბლოკს, დამოკიდებულება მოიხსნას იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე, რომელიც გასულ წელს ბლოკის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 60%-ს შეადგენდა. კიდევ ერთი გამოწვევა ევროპის ქვეყნებში ელექტრომობილების დასამუხტად საჭირო წერტილების არასაკმარისი რაოდენობაა. საჯარო დასამუხტი სადგურების ინფრასტრუქტურა კი ელექტრომობილების მფლობელთათვის კრიტიკულია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სახლში EV-ების დამუხტვის საშუალება არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი წარმატებით აწარმოებს სუფთა ენერგიას, ის ისეთ გამოწვევებს აწყდება, როგორიცაა მოძველებული ელექტროქსელი. ეს უკანასკნელი კი განახლებადი ენერგიის მიწოდებას, განსაკუთრებით იქ, სადაც ყველაზე საჭიროა, პრობლემებს უქმნის. ამ შემთხვევაში კი, ტექნიკური ბარიერების გარდა, პრობლემა ფინანსური მხარეცაა. ოფიციალური კვლევის თანახმად, ბლოკის ელექტროქსელებში ახალი სამუშაოების დაფინანსებას 2040 წლისთვის 1.2 ტრილიონი ევრო დასჭირდება.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
„ქსელების პაკეტი“, ორი საკანონმდებლო წინადადებით, ევროპის კომისიამ გასული წლის დეკემბერში უკვე წარადგინა. ელექტრიფიკაციის ოფიციალური გეგმის გამოქვეყნება, რომელიც ბლოკის წევრი ქვეყნებისა და ინდუსტრიისთვის კონკრეტულ მიზნებს დასახავს, 22 ივლისსაა დაგეგმილი. მწვანე მიზნების მიღწევისთვის კომისიამ მხარი ბირთვული ენერგიის წარმოებასაც დაუჭირა, რომელიც დაბალნახშირბადიან და სიცოცხლისუნარიან წყაროდ განიხილება.