ჰეჩბექი, ტოიოტა, ტოიოტა კოროლა, ცხელი ჰეჩბეკი, ტოიოტა კოროლა ჯიარემენი
Aa
Aa

ჰეჩბეკების ახალი მეფე? იხილეთ Toyota GRMN Corolla

Toyota-მ ბოლო პერიოდში ავტომოყვარული ფანების განებივრება გადაწყვიტა — GR GT-ისა და Yaris-ის სპეციალური გამოშვებების შემდეგ, იაპონურმა ავტომწარმოებელმა 2026 GRMN Corolla ოფიციალურად წარადგინა — მოდელი, რომელიც ბრენდის ცხელი ჰეჩბექების იერარქიაში მწვერვალს დაიკავებს. აბრევიატურა GRMN ნიშნავს „Gazoo Racing tuned by the Meister of Nürburgring“. ეს ნიურბურგრინგის „მწვანე ჯოჯოხეთსა“ და იაპონიის Super Taikyu-ს სარბოლო სერიებში გამოწრთობილი ნამდვილი ტრეკის მონსტრია, რომლის მიწოდებაც მომავალ წელს დაიწყება.

ასევე იხილეთ: 10 საუკეთესო „ცხელი ჰეჩბეკი“, რომელმაც დროს გაუძლო

როგორც ტოიოტას პრეზიდენტმა, აკიო ტოიოდამ განაცხადა: „თუ მანქანას GRMN სახელი ჰქვია, მან ნიურბურგრინგზე იდეალურად უნდა იაროს“.

სარბოლო არქიტექტურა და აეროდინამიკა

ვიზუალურად და სტრუქტურულად, ეს არ არის უბრალო Corolla. ავტომობილის კაპოტი (რომელსაც დამატებითი საჰაეროები აქვს), წინა ფრთები, გვერდითა ზღურბლები და 5 პოზიციით რეგულირებადი მასიური უკანა სპოილერი ნახშირბადის ბოჭკოსგანაა დამზადებული. ეს ელემენტები პირდაპირ გადმოტანილია წყალბადის ძრავზე მომუშავე იმ GR Corolla-დან, რომელიც იაპონიის გამძლეობის რბოლებში მონაწილეობს.


საინჟინრო ევოლუცია კორპუსის ქვეშაც გრძელდება — წინა და უკანა ღერძებზე დამონტაჟდა ექსკლუზიური Monotube ამორტიზატორები, რათა მოსახვევებში შიდა ბორბალმა მაქსიმალური მოჭიდება შეინარჩუნოს მაღალი გვერდითი გადატვირთვისას. მანქანა აღჭურვილია Michelin Pilot Sport Cup 2 სარბოლო საბურავებითაც, რომლებიც სტანდარტულ ვერსიაზე 10 მმ-ით უფრო განიერია. ასევე, სრულად გადაპროგრამდა ელექტრონული საჭის მექანიზმი და GR-FOUR სრული ამძრაობის სისტემა, რაც მაღალ სიჩქარეზე მანევრისას იდეალურ ბალანსს იძლევა.

3 ცილინდრი და „ჯადოსნური“ სისტემა

GRMN ვერსიაში ლეგენდარული 1.6-ლიტრიანი ტურბო 3-ცილინდრიანი ძრავა (G16E-GTS) კიდევ უფრო მეტად გააძლიერეს. სიმძლავრე კვლავ 300 ცხენის ძალაა, თუმცა მაბრუნი მომენტი 415 ნიუტონ-მეტრამდე გაიზარდა. გადაცემათა კოლოფი კი 6-სიჩქარიანი მექანიკაა უფრო მჭიდროდ განლაგებული გადაცემათა რიცხვებით.

წონის მაქსიმალური შემცირების მიზნით, 2022 წლის საკულტო GRMN Yaris-ის მსგავსად, ტოიოტამ უკანა სავარძლები Corolla-დანაც სრულად ამოიღო. მათ ნაცვლად კორპუსის სიმყარისთვის სპეციალური სპეისერები დამონტაჟდა.

სალონში იხილავთ ყველგან ალკანტარასა და ნახშირბადის ბოჭკოს, ისევე როგორც მქრქალი ლითონის დეტალებსა და რაც მთავარია — მგზავრის მხარეს დაფაზე Morizo-ს პირად ხელმოწერას. ჯამში, მანქანა სტანდარტულ ვერსიაზე 30-40 კგ-ით მსუბუქია.

წარმოება იაპონიაში, ტოიოტას მოტომაჩის პრემიუმ-ქარხანაში იგეგმება. ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა „ტირაჟი“ მკაცრად შეზღუდული იქნება და მოდელს მხოლოდ იაპონიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის ბაზრებს

თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს ეს 3-ცილინდრიანი სარბოლო ტექნოლოგია კონკურენცია გაუწიოს ისეთ ტრადიციულ გიგანტებს, როგორიცაა თუნდაც Honda Civic Type R?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები