ბიემვი, ბიემვი ემ2, ბეემვე, სრული ამძრავი, ბეემვე ემ2
Aa
Aa

დაკუნთული, სწრაფი, მაღალტექნოლოგიური — იხილეთ BMW-ს პირველი სრული ამძრავი M2

ბავარიულმა გიგანტმა თავის, ალბათ, ყველაზე „ხულიგნურ“ მოდელს, BMW M2-ს, მორიგი და უმნიშვნელოვანესი ევოლუციური ნაბიჯი გადაადგმევინა. წლების განმავლობაში M2 ნელ-ნელა უახლოვდებოდა თავის უფროს ძმას, M4-ს, ახალი, 2027 წლის მოდელით კი მათ შორის საფასო და ტექნოლოგიური ზღვარი კიდევ უფრო შემცირდა. მიზეზი რევოლუციურია — M2 ისტორიაში პირველად მიიღებს სრული ამძრაობის (M xDrive) სისტემას.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია

ეს ნიშნავს, რომ სიმძლავრე, მხოლოდ უკანა ბორბლების ნაცვლად, საჭიროებისამებრ ოთხივე კუთხეში განაწილდება. კაპოტქვეშ კვლავ ბრენდის ლეგენდარული 3.0-ლიტრიანი Twin-Turbo ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავა — S58 ბინადრობს. ძრავის მონაცემები 2025 წლის რესტაილინგის იდენტურია: 473 ცხენის ძალა და 600 ნიუტონ-მეტრი. ეს მაჩვენებელი, ბუნებრივია, ოდნავ ჩამოუვარდება ფლაგმანურ M2 CS-ს (523 ცხ.ძ.).

საინტერესოა, რომ ბავარიელებმა xDrive ვერსიის გამოშვება არ დააყოვნეს და არ დაელოდნენ ამავე ძრავის განახლებულ ვარიანტს, რომელიც უახლესი M Ignite სისტემით იქნება აღჭურვილი. M Ignite ტექნოლოგია იყენებს წინასწარი აალების კამერას (Pre-chamber ignition), რაც მაღალ ბრუნებზე საწვავის მოხმარებას საგრძნობლად ამცირებს სიმძლავრის დაკარგვის გარეშე — სწორედ ეს ინოვაცია მისცემს ძრავს საშუალებას, თავისუფლად ჩაეტიოს მკაცრ Euro 7-ის ემისიების ნორმებში.

როგორ მუშაობს პატარა M-ის xDrive?

M3 და M4 მოდელების მსგავსად, M2-ის სრული ამძრაობაც ძირითადად უკანა ღერძზეა ფოკუსირებული. წინა ბორბლები საქმეში მხოლოდ მაშინ ერთვება, როდესაც მაქსიმალური მოჭიდება ხდება საჭირო. გადაცემათა კოლოფში არსებული ელექტრონულად კონტროლირებადი მრავალდისკოიანი გადაბმულობა მუშაობს საკუთარი მართვის ბლოკით, რომელშიც ინტეგრირებულია ბორბლების სრიალის შეზღუდვის ფუნქცია. ეს სისტემას საშუალებას აძლევს, ღერძებს შორის სიჩქარის სხვაობა მომენტალურად, ცენტრალური DSC-ს ჩარევამდე დაარეგულიროს, რაც რეაქციის დროს საგრძნობლად ამცირებს.

ასევე, უკანა ღერძზე სიმძლავრის იდეალურ განაწილებაზე აქტიური დიფერენციალი ზრუნავს, ხოლო მათთვის, ვისაც ტრადიციული მართვის სტილი ენატრება, M Setup მენიუდან შესაძლებელია წინა ღერძის სრული გათიშვა და DSC-ს დეაქტივაცია — მანქანა მომენტალურად იქცევა კლასიკურ, უკანაამძრავიან M2-ად. რაც შეეხება ტრანსმისიას, მექანიკური გადაცემათა კოლოფი xDrive ვერსიაში ხელმისაწვდომი არ იქნება — ერთადერთი არჩევანი 8-სიჩქარიანი Steptronic ავტომატიკაა.

ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 3.6 წამში ჩქარდება, რაც 0.3 წამით სწრაფია, ვიდრე სტანდარტული უკანა ამძრავიანი ვერსია. 200 კმ/სთ-ს განსავითარებლად კი სულ 12.8 წამია საჭირო. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის ელექტრონულად 250კმ/სთ-ზეა შეზღუდული, თუმცა M Driver’s Package-ით ნიშნული 285 კმ/სთ-მდე იზრდება.

მოდელის წარმოება 2026 წლის აგვისტოში დაიწყება მექსიკაში, სან ლუის პოტოსის ქარხანაში, სადაც M2-ის ყველა ვარიანტი იწყობა. ამერიკულ შოურუმებში ავტომობილი გვიან ზაფხულში გამოჩნდება და მისი საწყისი ფასი $73 600 იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები