სასამართლო, ბიუაიდი, სარჩელი, ბივაიდი, შრომითი უფლებები, ბრაზილია, ტრეფიკინგი
Aa
Aa

ტრეფიკინგი და მონური შრომა — BYD-ს ბრაზილიაში უჩივიან

ბრაზილიის პროკურატურამ BYD-ისა და მისი ორი კონტრაქტორის — JinJiang-ისა და Tecmonta-ს წინააღმდეგ საქმე ოფიციალურად აღძრა. ჩინურ ბრენდებს ბრალად ტრეფიკინგი და ჩინელი მუშებისთვის მონობის მსგავსი პირობების შექმნაში ედებათ.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ინციდენტი ბაიას შტატში მდებარე ქარხნის მშენებლობას ეხება, რომელიც BYD-ის უმსხვილესი საწარმოო ჰაბია ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

სარჩელის დეტალები და ფინანსური სანქციები

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც ქარხნის მშენებლობაზე დასაქმებული 220 ჩინელი მუშა არალეგალური და არაადამიანური შრომის პირობებში აღმოაჩინეს.

პროკურატურა სასამართლოსგან შემდეგი ზომების მიღებას ითხოვს — მორალური ზიანის ანაზღაურებად 257 მილიონი რეალი (დაახლოებით $45 მილიონი) კომპანია BYD-ისა და კონტრაქტორებისგან, რაც მოიცავს ინდივიდუალურ კომპენსაციებს დაზარალებული მუშებისთვის. გარდა ამისა, 50 000 რეალი შრომითი კოდექსის თითოეულ დარღვევაზე, გამრავლებული დაზარალებული თანამშრომლების რაოდენობაზე.

პროკურორმა ფაბიო ლეალმა აღნიშნა, რომ კომპანიებთან მოლაპარაკებები დეკემბრიდან მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. მისივე თქმით, ჩინელი მუშები ბრაზილიაში არალეგალურად ჩაიყვანეს და დაპირებული პირობები არ შეუსრულეს. ამჟამად ყველა მათგანი ჩინეთშია დაბრუნებული და კომპენსაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იქ მიიღებენ, ხოლო BYD-ს გადახდის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა მოუწევს.

BYD-ის პასუხი

ჩინური ავტომწარმოებელი ბრალდებებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ კომპანია სრულად იცავს ადამიანის უფლებებს, პატივს სცემს როგორც ბრაზილიურ, ისე საერთაშორისო შრომით კანონმდებლობას, აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და საკუთარ პოზიციას სასამართლო დარბაზში დაიცავს.

საავტომობილო ინდუსტრიაში გლობალური ქარხნების მშენებლობისას კონტრაქტორების მხრიდან მსგავსი დარღვევები, სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა BYD-ისთვის, რომელიც აქტიურად ცდილობს დასავლურ და სამხრეთამერიკულ ბაზრებზე ეკოლოგიური და პროგრესული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებას, ეს პროცესი სერიოზული რეპუტაციული რისკია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები