2.5 მილიონი სრულიად „ახალი“ Porsche 911-ისთვის, რომელიც, შესაძლოა, ბინ ლადენს ეკუთვნოდა
ავტომობილი წლების განმავლობაში ლონდონში, ერთ-ერთ ავტოფარეხში იდგა და დღემდე მისი ოდომეტრი 10 კილომეტრს აჩვენებს.
Porsche 911-ის სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ შეხვდებით მოდელებს (996 თაობის), რომელთა ფასი 30 000 ევროზე ნაკლებია, და ისეთ უიშვიათეს სუპერქარებსაც გადააწყდებით, რომელთა ღირებულება 300 000 ევრომდე (911 Carrera RS NGT) ადის. რა თქმა უნდა, 911 GT1-იც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლის ფასიც 10 მილიონ ევროსაც კი აჭარბებს.
ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
ხოლო ის 911, დღეს რომ უნდა განვიხილოთ, ალბათ ამ მოდელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ეგზემპლარია. განსაკუთრებით იმ ფაქტის გამო, რომ დღემდე დაზუსტებით მისი მფლობელის ვინაობაც კი არავინ იცის. თუმცა გავრცელებული ცნობებით, ეს მოდელი ბინ ლადენმა შეუკვეთა, მაგრამ სავარაუდოდ ის არასდროს უტარებია.

საუბარი გვაქვს 1996 წლის 911 Carrera RSR 3.8-ზე — სარბოლო მოდელზე, რომელიც სულ რაღაც 51 ეგზემპლარად შეიქმნა. მათგან 48 ერთეული მფლობელებს 1994 წლის აგვისტოში შეჯიბრებებისთვის გადაეცათ. ერთი ეგზემპლარი მხოლოდ ძარის სახით დამზადდა ავარიაში დაზიანებული ავტომობილის აღსადგენად, ხოლო 911 Carrera RSR-ის ორი მოდელი სპეციალურად კლიენტის ექსკლუზიური შეკვეთით დამზადდა. თან საინტერესოა, რომ ამ პირმა ერთბაშად ავტომწარმოებელს ექვსი მოდელი შეუკვეთა: ორი მარცხენასაჭიანი 911 Turbo S, ორი იდენტური მარჯვენასაჭიანი მოდელი და ორიც — Carrera RSR 3.8.
შეჯიბრებისთვის განკუთვნილი 48 მოდელისგან განსხვავებით, კლიენტმა მოითხოვა, რომ მის ავტომობილებში სრულად ტყავის სალონი გამოყენებინათ. შეკვეთის შესაბამისად, Porsche-მ ამ მოდელში ჭერი და უსაფრთხოების ღვედების დამცავი კარკასიც კი ტყავით დაფარა. ერთი მათგანი თეთრი იყო, ხოლო მეორე (შასი 496107), რომელსაც ფოტოებზე ხედავთ — ვერცხლისფერი, წითელი ტყავის სალონით.

911 Carrera RSR 3.8-ში გერმანულმა ავტომწარმოებელმა 3.8-ლიტრიანი ატმოსფერული ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა მოათავსა. სტანდარტულ კონფიგურაციაში, ლე მანის რბოლაზე მორგებული ძრავის წყალობით, მოდელი 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. კონფიგურაციაში ასევე შედიოდა: დიდი, 120-ლიტრიანი საწვავის ავზი; პნევმატური ამწეები; მგზავრის სავარძელი; უკანა დიფერენციალის ბლოკირება; Speedline RS-ის დისკები და ა.შ.
გარდა ამისა, წონის შესამცირებლად ამ მოდელში Porsche-მ მინაბოჭკოსგან დამზადებული კაპოტი, ალუმინის კარები და შედარებით მსუბუქი წონის უკანა მინები გამოიყენა. მიუხედავად მსგავსი შესაძლებლობებისა, ამ 911 Carrera RSR-ს ტრეკზე თავისი პოტენციალი არ გამოუვლენია.

ეს კონკრეტული ეგზემპლარი კი ათწლეულების განმავლობაში ლონდონში, ერთ-ერთ ავტოფარეხში უძრავად იყო გაჩერებული. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მოდელის ოდომეტრზე დღემდე მხოლოდ 10 კილომეტრი წერია. მანქანა „ახალი“ და თითქმის ხელუხლებელია, თუმცა სრულად მტვრითა და ჭუჭყითაა დაფარული.
რაც შეეხება მისი იდუმალი მფლობელის შესახებ გაჩენილ მოსაზრებებს, ვარაუდები წლების წინ ანონიმური წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეფუძნება. ინსაიდერული ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთი ადვოკატი საიდუმლოდ ცდილობდა ზუსტად ამ შეკვეთიდან მეორე, თეთრი ფერის ეგზემპლარის გაყიდვას. ამავე წყაროს მტკიცებით, თავის დროზე ექვსივე ავტომობილი ბინ ლადენის მდიდარმა ოჯახმა შეიძინა.

თუმცა ეს ვერსია დღემდე დაუდასტურებელ ჭორად რჩება. RM Sotheby’s-ი კი ამ უნიკალურ ვერცხლისფერ Porsche-ს 8 ივნისს აუქციონზე აუცილებლად გამოიტანს. ვარაუდობენ, რომ მისი ფასი 2.1-დან 2.5 მილიონ ევრომდე იქნება.