1970-იანი წლების ამ კლასიკური BMW CSL-ის ქვეშ M5 იმალება
ვიღაცამ E39 M5-ის ბაზაზე ლეგენდარული E9 კუპეს ძარა მოათავსა, ახლა კი ამ უნიკალური პროექტის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მიუნხენელებს ოფიციალურად არასდროს შეუქმნიათ E9 CSL, რომელიც 400-ზე მეტი ცხენისძალიანი V8 ძრავითა და 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იქნებოდა აღჭურვილი. თუმცა BMW-ს ერთმა ერთგულმა გულშემატკივარმა ეს იდეა რეალობად აქცია. ახლა კი, კლასიკური კუპეს დახვეწილი სტილი და E39 M5-ის წარმადობა უკვე ერთ, ხელით აწყობილ პროექტშია მოქცეული და მისი შეძენა ყველა მსურველს შეუძლია.
ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
ეს უნიკალური პროექტი კი გერმანულ კომპანია MKO-სა და მის დამფუძნებელს, ავტომოყვარულ მიხაელ ობერჰაუზერს ეკუთვნის. ობერჰაუზერმა ფირმა დაახლოებით 10 წლის წინ დააარსა და კლასიკურ ძარაში თანამედროვე ძრავის მოთავსებაზე ბევრად შორსაც წავიდა. ამ პროექტში, ფაქტობრივად, დონორი E39 M5 და არა ერთი, არამედ ორ სხვადასხვა E9 CS კუპეს ნაწილებთანაა გაერთიანებული, შედეგად კი ვიღებთ სრულიად ახალ მოდელს — 1970-იანი წლების კლასიკური სტილითა და 21-ე საუკუნის M-სერიის სიმძლავრით.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს უნიკალური ტრანსფორმაცია არც ძალიან მარტივი ყოფილა და, მით უმეტეს, მხოლოდ დონორი მოდელის ბაზაზე ძარის მოთავსებით არ შემოფარგლულა. გამოცემა Motor Trend-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამუშაო პროცესი გუნდისთვის ძალიან კომპლექსური გამოდგა: მათ ჯერ E39 M5-ს სრულად მოხსნეს ზედა სტრუქტურა, ძარას ძირი დაახლოებით 203 მმ-ით დაამოკლეს და მხოლოდ ამის შემდეგ, მიღებულ შასიზე E9-ის სახურავი დააშენეს.

ვიზუალური პროპორციების სრულყოფილად შენარჩუნებისთვის, პროექტში წინა თაღები 64 მმ-ით გააფართოვეს, ხოლო უკანა — დაახლოებით 102 მმ-ით. სამუშაოების უდიდესი ნაწილი რუმინეთშია შესრულებული, აქვე გამოცდილი საინჟინრო ჯგუფის მიერ ხელით დამზადდა პანელები, რაც გაცილებით ნაკლებიჯ დაჯდა, ვიდრე ანალოგიური სამუშაოების საფასური გერმანიაში.

დასრულებული სახით კი, უახლესი მოდელი ერთგვარი ნაზავია კლასიკური დიზაინისა და ჰოთ-როდის სტილის. ავტომობილს ლეგენდარული CSL Batmobile-ით შთაგონებული აეროდინამიკური ელემენტებიც აქვს, მათ შორის: სახურავის სპოილერი, Hella-ს დამატებითი მაშუქები, 3.0 CSL-ის ემბლემები და Porsche-ს საფირმო საღებავი. მოდელი 19-დუიმიანი Alpina-ს სტილის დისკებითა და Continental SportContact 7 საბურავებითაცაა აღჭურვილი. შენარჩუნებულია მოდიფიცირებული M5-ის ინსტრუმენტთა დაფა, რომელსაც Recaro-ს სავარძლები, კლიმატ-კონტროლი, ელექტროშუშები და Pioneer-ის სენსორული ეკრანი ემატება.

რაც შეეხება სიმძლავრეს: სიმძლავრე E39 M5-ისგან აღებული 4.9-ლიტრიანი S62 V8 ძრავიდან მოდის, რომელიც 426 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გამომუშავებული სიმძლავრე კი, 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მეშვეობით, უკანა ბორბლებს გადაეცემა. მოდელი ასევე აღჭურვილია KW-ს რეგულირებადი სპორტული ამორტიზატორებითა და M5-ის ქარხნული მუხრუჭებით. ამჟამად ეს უნიკალური პროექტი Bring a Trailer Germany-ზეა გამოფენილი, თუმცა, ამ დროისთვის, კონკრეტული ფასი მითითებული კვლავ არაა.