Toyota Camry ორი ძრავით: 7-ცილინდრიანი ურჩხული 700 ცხენის ძალით
ავტომობილის წინა ნაწილში GR Corolla-ს სამცილინდრიანი აგრეგატია მოთავსებული, უკან კი — ახალი, 4-ცილინდრიანი ტურბოძრავი.
გასულ უქმეებზე გამართულმა Super Taikyu-ს 24-საათიანმა გამძლეობის რბოლამ ადგილობრივ მწარმოებლებს საშუალება მისცათ ეჩვენებინათ ის, რაზეც ბოლო პერიოდში მუშაობდნენ. Subaru-მ მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი სამი ახალი ავტომობილი წარადგინა, ხოლო Toyota-მ — Camry-ს ორი გრანდიოზული პროექტი, რომელთაც ავტომწარმოებელი ნამდვილად ვერ გაყიდის. თუმცა ამ ორი პროექტიდანაც ერთი უფრო მეტად საინტერესოა — ამ უკანასკნელს გაფართოებული ფრთები და აგრესიული აეროდინამიკური პაკეტი აქვს, მაგრამ მთავარი სიურპრიზი მაინც ძარას ქვეშ იმალება.
Toyota-ს Gazoo Racing-ის განყოფილებამ ავტომობილიდან ქარხნული ოთხცილინდრიანი ძრავა ამოიღო და ის უფრო პატარა ზომის, სამცილინდრიანი აგრეგატით ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უკან გადადგმულ ნაბიჯად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. საქმე იმაშია, რომ ახალი ძრავა ეკონომიური მოდელიდან მიღებული სულაც არ გახლავთ.
რეალურად, კოდური სახელწოდების მქონე G16E-GTS-ი აღებულია ისეთი მოდელებიდანაც, როგორებიც GR Yaris-ი, GR Corolla და ნაკლებად ცნობილი Lexus LBX Morizo RR-ი გახლავთ. აგრეგატი 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და წინა ღერძს ამუშავებს. მხოლოდ 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავის იმედადაც კი, ეს Camry უკვე ამჟამინდელი საშუალო ზომის სედანის ყველაზე მძლავრი ვერსიაა. თუმცა უკანა ნაწილში, სადაც სტანდარტულად სავარძლები უნდა იყოს, დამატებული მეორე ძრავა ვითარებას სრულად ცვლის.
View this post on Instagram
ეს აგრეგატი Gazoo Racing-ის ახალი, ტურბირებული 4-ცილინდრიანი გახლავთ, რომელიც Toyota-ს შემდგომი თაობის სპორტული ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. კოდური სახელწოდებით G20E, მისი მოცულობა 2 ლიტრია და დაახლოებით 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აღნიშნული სიმძლავრე სრულად უკანა ღერძზე ნაწილდება. GR-ის საიდუმლო ლაბორატორიის (skunkworks) გუნდმა სრულამძრავი Camry გვერდითა გამოსაბოლქვი სისტემით აღჭურვა, რომლის ჯამური სიმძლავრეც 700 ცხენის ძალას აღწევს.
გასაგები მიზეზების გამო, ეს მოდელი წარმოებაში არ ჩაეშვება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცილინდრების რაოდენობით ის Camry-ს მოდელების ისტორიაში რეკორდსმენი მაინც არაა — ეს ტიტული NASCAR-ის სპეციფიკაციის ვერსიას და მის V8 ძრავს ეკუთვნის.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
სანამ Gazoo Racing-ი Camry-ში ორ ძრავას ათავსებდა, Toyota Racing-ის გუნდმა Bōsōzoku-ს სტილის მოდელიც წარადგინა. ამ მოდელის ახალი 4-ცილინდრიანი ძრავა ტრადიციულად კაპოტქვეშაა განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ მას უკანა ნაწილში მოთავსებული მეორე ძრავა არ გააჩნია, თავისი ექსტრავაგანტური ინტერიერით ყურადღება მაინც მიიპყრო. მათ შორის, ყველაზე თვალშისაცემი ბეწვით დაფარული მაჩვენებელთა დაფა, მინის გადაცემათა კოლოფის სახელური და ჭაღი იყო.