მეორადი EV-ების ფასები ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე სწრაფად იზრდება
საწვავზე ფასების ზრდის ფონზე, საბითუმო დილერები მეორად ელექტრომობილებში უფრო მაღალ ფასს იხდიან.
მეორად ელექტრომობილებზე ფასები იზრდება — და ეს უფრო სწრაფადაც ხდება, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილების შემთხვევაში. Cox Automotive-ის უახლესი მონაცემების თანახმად, მეორადი ელექტრომობილების საბითუმო ფასები წლიურ ჭრილში თითქმის 12%-ითაა გაზრდილი.
შედარებისთვის, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების საბითუმო ღირებულება, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 3%-იან მატებას აფიქსირებს. მიღებული სხვაობა კი, რა თქმა უნდა, მეორადი ავტომობილების ბაზარზე მოთხოვნის მზარდ დისბალანსზე მიუთითებს.
ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
მიღებული შედეგები ძირითადად საწვავის ფასითაა განპირობებული, რაც დაახლოებით 38%-ით მაღალია, ვიდრე გასულ წელს იყო. რთულია იმის თქმაც, თუ რა მოხდება მომავალში, რადგან ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია უკვე თვეებია, რაც გრძელდება და საწვავის მერყევ ფასებშიც გამოიხატება. ამან კი მეორად ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაზარდა, რადგან მომხმარებლები ავტომობილებით ყოველდღიურად გადაადგილებისთვის ხარჯების შემცირებისკენ მიისწრაფვიან.

საბითუმო აუქციონებზე, სადაც დილერები მარაგების შევსებისთვის იბრძვიან, აშშ-ის ბაზარზე კი, განსაკუთრებული პოპულარობით ისეთი მოდელები სარგებლობენ, როგორებიცაა: Tesla Model 3, Tesla Model Y, Ford Mustang Mach-E, Chevrolet Bolt-ი და Hyundai Ioniq 5. უმეტესად, დილერები აუქციონებზე ახლა უფრო მეტსაც იხდიან, ვიდრე ზუსტად ერთი წლის წინ იმავე მოდელებისთვის „გაიმეტებდნენ“. გამომდინარე იქიდან, რომ საბითუმო ფასები, როგორც წესი, პირდაპირ აისახება საცალო გაყიდვებზე, მომხმარებლები ამ ზრდას უკვე თავადვე ხედავენ. თუმცა ეს ტენდენცია შესაძლოა დიდი ხნით არ გაგრძელდეს.
მოსალოდნელია, რომ აშშ-ის სადილეროებში მომდევნო თვეებში იჯარით აღებული ელექტრომობილების დიდი რაოდენობა დაბრუნდება. მიწოდების ზრდასთან ერთად კი დილერები, სავარაუდოდ, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაყიდონ ავტომობილები — განსაკუთრებით კი იმ სეგმენტში, რომელიც უფრო არასტაბილურია, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილები.

ამავდროულად, გლობალურად ბაზრებზე ელექტრომობილების ათვისება კვლავ არათანაბრადაა გადანაწილებული და ძირითადად იმ რეგიონებშია კონცენტრირებული, სადაც დასამუხტი ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებულია. ამან კი, მიწოდების ცვლილების მიმართ, ელექტრომობილები შესაძლოა ფასებისადმი უფრო მგრძნობიარე გახადოს, ვიდრე ეს ტრადიციული მეორადი ავტომობილების სეგმენტში ხდება.