Mitsubishi-ს მორიგი ტრაგედია — Eclipse, რომელიც Nissan Leaf-ად გადაიქცა...
საავტომობილო სამყაროში სახელების „მკვდრეთით აღდგენა“ ყოველთვის დიდ ვნებათაღელვას იწვევს, მით უმეტეს, როცა საქმე ისეთ ლეგენდებს ეხება, როგორიც Mitsubishi Eclipse-ია. როგორც კი ბრენდმა ახალი Eclipse Sportback EV ოფიციალურად წარადგინა, ინტერნეტსივრცეში ავტომოყვარულთა კრიტიკული ტალღა კიდევ ერთხელ აგორდა — ზუსტად ისე, როგორც თითქმის ათი წლის წინ, როდესაც ეს სახელი კომპაქტურ ქროსოვერს, Eclipse Cross-ს დაარქვეს.
ასევე იხილეთ: ტყუილი, რომელმაც Mitsubishi-ის დინასტია გაანადგურა
ავტოჰოლიკებს კარგად ახსოვთ პირველი და მეორე თაობის Eclipse — რეალური, ძველი სკოლის სპორტული კომპაქტი, რომელიც სრული ამძრაობითა და Mitsubishi-ს ლეგენდარული 4G63 ტურბო-ძრავით იყო აღჭურვილი. ეს პლატფორმა იმდენად კარგად ემორჩილებოდა ტუნინგს, რომ დღემდე საკულტო სტატუსით სარგებლობს ავტოსპორტსა და ქუჩის რბოლებში.


სამწუხაროდ, ახალი Eclipse Sportback EV ზუსტად ის არის, რაც ერთი შეხედვით ჩანს: ახალი თაობის Nissan Leaf-ი, თუმცა Mitsubishi-ს ექსტერიერის დიზაინით. მიუხედავად იმისა, რომ მექანიკურად, ფაქტობრივად Copy-paste-თან გვაქვს საქმე, იაპონურმა ავტომწარმოებელმა რამდენიმე საინტერესო დეტალი მაინც შემოგვთავაზა — წინა მხარე საკმაოდ აგრესიულად გამოიყურება, სამქიმიანი დისკები კი რეტრო-ფუტურიზმის კარგ ასოციაციას აჩენს.
ვინაიდან Nissan Leaf-ი თავის კლასში ყოველთვის პრაქტიკულ და საიმედო ავტომობილად ითვლებოდა, ეს მოდელი მართლაც შეიძლება გახდეს კარგი შანსი Mitsubishi-სთვის, რათა შოურუმებში ახალი ნაკადი მიიზიდოს და სადილერო ქსელის რეაბილიტაცია მოახდინოს. ბრენდი დეტალურ მახასიათებლებს მოგვიანებით გვპირდება, თუმცა თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ციფრები Leaf-ის იდენტური იქნება: დაახლოებით 416-კილომეტრიანი სვლის მარაგითა და 30 000 დოლარამდე სასტარტო ფასით.

ეს შემთხვევა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე საავტომობილო მარკეტინგი და პლატფორმების გაზიარება. 4G63 ძრავის ეპოქა წარსულს ჩაბარდა, თუმცა Leaf-ის ბაზაზე შექმნილი ხელმისაწვდომი ელექტრომობილი 2026 წლის რეალობაში მომაკვდავი ბრენდის გადარჩენის საუკეთესო გზაა.