„მახინჯად“ შერაცხულმა ამ Lamborghini-მ მომხმარებელთა გულები 40 წლის შემდეგ დაიპყრო
წელს საავტომობილო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გიჟური და სარისკო პროექტის 40 წლის იუბილეა. დაბადების დღე ლეგენდარულ Lamborghini LM002-ს უნდა მივულოცოთ, რომელსაც ხალხმა სიყვარულით Rambo Lambo შეარქვა.
ეს V12 ძრავიანი მონსტრი ბაზარზე 1986 წელს გამოჩნდა. მართალია, კომერციული თვალსაზრისით ის არ ყოფილა გრანდიოზული წარმატება, მაგრამ საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ კლასს და იქცა იმ მოდელის წინაპრად, რომელმაც ათწლეულების შემდეგ Lamborghini-ს ფინანსური იმპერია აუშენა.
ასევე იხილეთ: ტყვე, რომელმაც Lamborghini შექმნა
წარუმატებლობებისგან შობილი ლეგენდა
LM002-ის შექმნის ისტორია რეალურად შეცდომებისა და იძულებითი გადაწყვეტილებების სერიაა. იმ პერიოდში კომპანიას სასწრაფოდ სჭირდებოდა ფული, ამიტომ თვალი ცივი ომის დროინდელ სამხედრო კონტრაქტებს დაადგა. იტალიურმა ავტომწარმოებელმა შექმნა ოფროუდერი Chrysler-ის V8 ძრავით, თუმცა სამხედროებმა უპირატესობა Hummvee-ს მიანიჭეს. პროექტი ჩავარდა.

Lamborghini-მ არ დათმო და ძარაში საკულტო Countach-ის V12 ძრავი ჩადგა. თუმცა, არც ეს აღმოჩნდა იდეალური საინჟინრო გადაწყვეტილება — მაღალბრუნიანი, სუპერქარისთვის შექმნილი აგრეგატი დაბალ ბრუნებზე ვერ გამოიმუშავებდა საკმარის მაბრუნ მომენტს. მიუხედავად ამისა, იტალიელებმა დიზაინი (რომელიც ბრტყელი პანელებით იყო აწყობილი, რათა მომავალში შეჯავშნა გაადვილებულიყო) სერიულ წარმოებამდე მიიყვანეს.
წარმოუდგენელი ციფრები 1986 წლისთვის
როდესაც ეს სუპერ-SUV 1986 წელს ბრიუსელის ავტოშოუზე წარადგინეს, მდიდრული ტყავის სალონითა და საგანგებოდ მისთვის Pirelli-ს მიერ შექმნილი ფართო საბურავებით, საზოგადოება შოკში ჩავარდა. მიუხედავად ამ აჟიოტაჟისა, 6 წლის განმავლობაში LM002-ის სულ რაღაც 300 ერთეული დამზადდა.


დღეს სწრაფი ქროსოვერი არავის აკვირვებს — თავად Lamborghini ყიდის ახალ, დამუხტვად ჰიბრიდულ Urus SE-ს, რომელიც ქარხნულად 789 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაგრამ 1986 წელს, როცა სტანდარტული ჯიპები 200 ცხენის ძალას ძლივს აჭარბებდნენ, LM002-ის 450 ცხენის ძალა კოსმოსური მაჩვენებელი იყო.
დაგვიანებული აღიარება
20 წლის წინ Lamborghini-ში ალბათ ერჩივნათ, ეს მოდელი საერთოდ არავის გაეხსენებინა, რადგან მისი მფლობელების სიაში ისეთი ოდიოზური პიროვნებები ფიგურირებდნენ, როგორებიც პაბლო ესკობარი, უდეი ჰუსეინი და მუამარ კადაფი იყვნენ.

თუმცა, დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ Pirelli-მ ხელახლა დაიწყო მისი სპეციალური Scorpion BK საბურავების წარმოება, ხოლო ბრენდის რესტავრაციის განყოფილება, Polo Storico, მზადაა ნებისმიერი LM002 ისტორიული სიზუსტით აღადგინოს.
„LM002 წარმოადგენს Lamborghini-ს თანამედროვე ხედვის ერთ-ერთ ფესვს. მან თავის დროზე ბევრად წინ გაუსწრო მოვლენებს, იწინასწარმეტყველა სუპერ-SUV-ის კონცეფცია და გახდა შთაგონება Urus-ის ოჯახისთვის“, — განაცხადა იტალიური ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა, შტეფან ვინკელმანმა.