Porsche-მ Toy Story 5-ის გამოსვლას სამი უნიკალური 911 მიუძღვნა
როდესაც საავტომობილო ინჟინერიის პიკი და პოპ-კულტურის საკულტო ფრენჩაიზი ერთმანეთს ხვდება, შედეგი ყოველთვის უნიკალურია. პიქსარი „სათამაშოების ისტორია 5-ის“ გამოსვლას აღნიშნავს, Porsche-მ კი ამ მოვლენის პატივსაცემად თავისი ექსკლუზიური პერსონალიზაციის განყოფილების, Sunderwunsch-ის მიერ შექმნილი სამი სრულიად განსაკუთრებული, უნიკალური 911 წარადგინა.
ასევე იხილეთ: რატომ მოკლეს Porsche-ს ლეგენდარული „ტუნერი" განგსტერებმა?
ეს ავტომობილები კერძო კლიენტების შეკვეთა არ არის — ისინი თავად გერმანულმა ბრენდმა შექმნა და მოგვიანებით საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება, საიდანაც შემოსული თანხა ბავშვთა დახმარებისა და წითელი ჯვრის ფონდებში გადაირიცხება. აღსანიშნავია, რომ თითოეული მანქანის დეტალიზაცია საინჟინრო და დიზაინერული ხელოვნების ნიმუშია, რომელიც პერსონაჟების ხასიათს Porsche-ს დიზაინის ენით თარგმნის.

Buzz Lightyear — 911 GT3 RS
კოსმოსური რეინჯერის ხასიათს ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ხაზის ყველაზე ექსტრემალური და აეროდინამიკური მოდელი, 911 GT3 RS (Weissach პაკეტით) შეეფერებოდა.
ძარა შეღებილია ბაზის კოსმოსური კოსტიუმის ფერებში — თეთრი, ნათელი მწვანე, იასამნისფერი და წითელი აქცენტებით. კაპოტი კი გადაწყვეტილია ლურჯ, მწვანე და წითელ ფერებში, ზუსტად ისე, როგორც ბაზის კოსტიუმზე არსებული ღილაკები.

სალონში დომინირებს ნაცრისფერი ტყავი, ალკანტარა, იასამნისფერი კანტები და მწვანე უსაფრთხოების ღვედები. ნახშირბადის ზღურბლებზე კი ანათებს პერსონაჟის საკულტო ფრაზა: „To Infinity and Beyond“ (უსასრულობისკენ და მის მიღმა).
Woody — 911 Carrera T
კოვბოი ვუდის პერსონაჟი შედარებით თავშეკავებულ, მექანიკურ და მძღოლზე ორიენტირებულ 911 Carrera T-ში გაცოცხლდა, სადაც აქცენტი მასალების ტექსტურაზე გაკეთდა.
ჯინსის შარვლის ეფექტის მისაღებად, პორშეს სპეციალისტებმა მუქ ლურჯ ბაზაზე რეალური ჯინსის ქსოვილი დაადეს და დაპრესეს, რის შემდეგაც ხელით გადაღებეს Golf Blue და თეთრი ტონებით. ამ ეფექტის მიღწევას თვეების შრომა დასჭირდა.

წინა სპლიტერი და დისკები მოოქროვილია, რაც კოვბოის ატრიბუტიკაზე მიანიშნებს. სალონში გამოყენებულია სპეციალური ვინტაჟური ყავისფერი ტყავი. სავარძლების საზურგეები ვუდის პერანგისებრ, ყვითელ-წითელ უჯრედოვან პრინტშია გაწყობილი, ხოლო იატაკზე ძროხის ტყავის პრინტის მქონე ხალიჩებია დაგებული. ზღურბლზე წარწერაა: „Ride Like the Wind!“ (გაჭენდი ქარივით!).
Jessie — 911 Targa 4 GTS

ენერგიული კოვბოი გოგონას, ჯესის პერსონაჟი 532-ცხენისძალიან, ელეგანტურ 911 Targa 4 GTS-ში გარდაიქმნა. ძარასთვის სპეციალური მარგალიტისფერი თეთრი ტონი შეიქმნა, რომელიც მისი პერანგის მარგალიტის ღილებს გამოსახავს. კაპოტი ყვითელია, წითელი სპორტული ზოლებით, ხოლო Targa-ს სახურავი წითელ ფერშია გადაწყვეტილი, რაც ჯესის კოვბოის ქუდის იმიტაციაა. უკანა ნაწილზე კლასიკური „Targa“ წარწერა შეცვლილია ორიგინალური პორშეს შრიფტით შესრულებული სახელით — „Jessie“.

რაც შეეხება ინტერიერს, სალონში ლურჯი და ბორდოსფერი ტყავია გამოყენებული, სავარძლების ცენტრალური ნაწილი კი ქსოვილითაა გაწყობილი. აქაც ვხვდებით ძროხის პრინტის ხალიჩებს, ხოლო ზღურბლზე განათება მძღოლს ხვდება შეძახილით: „YEE HAW!“.
ეს საოცარი ტრიო ოფიციალურად 9 ივნისს, ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო პრემიერაზე წარადგინეს.