იაპონიის პრემიერი 25 წლის განმავლობაში სამსახურში Toyota Supra-თი დადიოდა
ავტომოყვარული ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს — მიუხედავად სქესისა, ეროვნებისა და... პოლიტიკური თანამდებობისა. ამის საუკეთესო მაგალითი იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი აღმოჩნდა — ამომავალი მზის ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი ლეგენდარული, 1991 წლის Toyota Supra 2.5GT Twin-Turbo Limited-ით, ათწლეულების განმავლობაში სამსახურში, იაპონიის პარლამენტში დადიოდა.

ტაკაიჩის სიყვარული Supra-ს ხაზის მიმართ შემთხვევითი არ ყოფილა — მისი წინა ავტომობილი Toyota Celica XX (აშშ-ის ბაზარზე ცნობილი, როგორც Celica Supra) გახლდათ, ხოლო მამამისი მჭიდროდ იყო დაკავშირებული Toyota-ს პარტნიორ კომპანიასთან.
საკულტო JDM კლასიკა პრემიერ-მინისტრის ავტოფარეხში
სანაე ტაკაიჩიმ ლეგენდარული მოდელი სრულიად ახალ მდგომარეობაში 1991 წელს შეიძინა. როგორც თავად იხსენებს, სპეციალური მარგალიტისფერი შეფერილობის გამო, ავტომობილის მიღებას საკმაოდ დიდხანს ელოდა. მაშინ ამ შენაძენმა 4.3 მილიონი იენი შეადგინა (რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით $26 882-ის ეკვივალენტია).

ეს არ იყო უბრალო გადასაადგილებელი საშუალება. კაპოტის ქვეშ იმალებოდა იაპონური საინჟინრო გენიის შედევრი — 1JZ-GTE Twin-Turbo 2.5-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა, რომელიც 276 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. სალონში კი შინდისფერი ტყავის სავარძლები ფუფუნებისა და სპორტულობის იდეალურ ბალანსს ქმნიდა.
ტაკაიჩი ამ ავტომობილით 2005 წლიდან, პარლამენტში პირველივე არჩევის დღიდან, წლების განმავლობაში დადიოდა — ავტომობილი ჩნდებოდა წინასაარჩევნო კამპანიებზეც. თუმცა, პოლიტიკურ იერარქიაში მისმა წინსვლამ და ქვეყნის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად გახდომამ უსაფრთხოების მკაცრი პროტოკოლები მოიტანა. ქვეყნის ლიდერს პირადი მძღოლი და დაჯავშნული ლიმუზინი გამოეყო, რის გამოც საყვარელი Supra-ს ყოველდღიურად მართვაზე უარის თქმა მოუწია.

მას შემდეგ, რაც ავტომობილის აქტიური ექსპლუატაცია შეწყდა, ის ქალაქ ნარას ერთ-ერთ საცავში ინახებოდა. მოგვიანებით, მოხალისე ტექნიკოსების გუნდმა ლეგენდარულ ავტომობილს სრული რესტავრაცია ჩაუტარა და დაუბრუნა პირვანდელი, ქარხნული ბრწყინვალება. დღეს ეს მოდელი Nara Toyota-ს მუზეუმში საპატიო ადგილს იკავებს, თავად სანაე ტაკაიჩის ფიგურის გვერდით, ხოლო პრემიერ-მინისტრის სამუშაო მაგიდას მისი ზუსტი, მინიატურული მოდელი ამშვენებს.