ტოიოტა, აკიო ტოიოდა, ელექტრიფიკაცია
Aa
Aa

აკიო ტოიოდამ აღიარა, რომ ყველაზე მეტად სრულად ელექტრო მომავლის ეშინია

საავტომობილო ინდუსტრიაში, სადაც მწარმოებლების უმეტესობა მილიარდობით დოლარს ხარჯავს ელექტრომობილების განვითარებაზე, Toyota რჩება იმ ერთადერთ გიგანტად, რომელიც შიგაწვის ძრავების დაცვას კბილებით ცდილობს. მაშინ, როცა სხვები ამბობენ, რომ ელექტრიფიკაცია გარდაუვალია, ტოიოტა პარალელურად მუშაობს ყველა შესაძლო მიმართულებით — ტრადიციულ ჰიბრიდებზე, წყალბადის საწვავის ელემენტებზე (FCEV) და წყალბადზე მომუშავე შიგაწვის ძრავებზეც კი.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

ამ რადიკალური და ურჩი პოზიციის უკან დგას ადამიანი, რომელიც ალბათ ბოლო ნამდვილი „ავტოჰოლიკია“ გლობალური ავტომწარმოებლების სათავეში — კომპანიის თავმჯდომარე აკიო ტოიოდა.

ყველაზე მარტოსული ადამიანი დირექტორთა საბჭოში

ცოტა ხნის წინ, CarWow-თან ინტერვიუში, როდესაც აკიო ტოიოდას ჰკითხეს, თუ რა იყო მისი ყველაზე დიდი შიში ავტოინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, მისი პასუხი იყო მოკლე და ტკივილით სავსე:

„ყველა BEV-ებზე (ელექტრომობილებზე) გადადის — აი, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შიში. სამი ან ოთხი წლის წინ მე ვიყავი ერთადერთი, ვინც მედიასთან ღიად თქვა: მე მიყვარს ძრავის სუნი, მიყვარს მისი ხმა, მიყვარს შიგაწვის ძრავები და მინდა შევინარჩუნო სამუშაო ადგილები იმ მომწოდებლებისთვის, რომლებიც ამ ძრავებს აწყობენ. მაგრამ მგონია, რომ მართლაც ერთადერთი ვარ. თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობ“, — განაცხადა ტოიოდამ.

ტოიოდამ ასევე მიანიშნა, რომ თავად იაპონური ავტომწარმოებლის შიგნითაც კი მიმდინარეობს სერიოზული დებატები ელექტრომობილების დანერგვის ტემპებთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიაში მყოფი ავტო-ენთუზიასტები კვლავ ახერხებენ ალტერნატიული გზების გატანას. 

აკიო ტოიოდას ხედვა არ არის უბრალო ნოსტალგიური წუწუნი — ის აისახება ბრენდის სამომავლო გეგმებში, რომლებიც ნამდვილ საავტომობილო პერფორმანსსაც გვპირდება. კერძოდ, ახალი თაობის GR Yaris-ი მძლავრ ჰიბრიდად გარდაიქმნება. ის სავარაუდოდ გააერთიანებს Toyota-ს ახალ, დამუშავების პროცესში მყოფ 2.0-ლიტრიან ტურბო 4-ცილინდრიან ძრავს მცირე ბატარეასთან და ელექტროძრავთან, რაც ჯამში წარმოუდგენელ 394 ცხენის ძალას მოგვცემს. მათთვის კი, ვისაც ყველაფერი „ელექტრო“ საერთოდ სძულს, ტოიოტა ამზადებს სუფთა სისხლის მონსტრს — 4.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავით აღჭურვილ GR GT-ს.

მისთვის, ვინც საავტომობილო ისტორიასა და ინჟინერიას აფასებს, აკიო ტოიოდას სიტყვები ნამდვილი მალამოა ჭრილობებზე. ეპოქაში, როდესაც ბრენდების უმეტესობას ცივი, მშრალი ფინანსური ანგარიშები და მარკეტინგული "მწვანე" ტრენდები მართავენ, ტოიოტას სათავეში მყოფი კაცი ამბობს, რომ მანქანის წარმოება მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული არ უნდა იყოს — მას სული, ხმა და ემოცია სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები