არასასიამოვნოდ დასრულებული ფოტოსესია — LAPD-მ 72 ავტომოყვარულს მანქანები ჩამოართვა
კადრები, სადაც LAPD-ის მიერ ბლოკირებულ მდინარის კალაპოტში მანქანების მწკრივებია გაჩერებული, ისე გამოიყურება, თითქოს რომელიმე ჰოლივუდური ფილმის გადასაღები მოედანი იყოს — თუმცა, რეალობა ამჯერად ბევრად უფრო მწარე და ძვირადღირებული აღმოჩნდა შეკრებილი ავტომოყვარულებისთვის.
ამ მასშტაბურ საპოლიციო რეიდს საავტომობილო კულტურის ჭრილში რამდენიმე ძალიან საინტერესო და დრამატული ასპექტი აქვს — როგორც ადგილობრივი მედიიდან და მონაწილეებისგან ირკვევა, შეკრება ინტერნეტში ანონსდებოდა, როგორც უწყინარი, მასშტაბური შეხვედრა ფოტოსესიისთვის, სადაც მთავარი მიზანი ლოს-ანჯელესის ფონზე, ამ საკულტო ნაცრისფერ ბეტონზე ლამაზი კადრების დაჭერა იყო.

მონაწილეები ამბობენ, რომ არანაირ იატაკქვეშა რბოლებს ან ქუჩის ბლოკირებებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რამდენიმე მძღოლმა თავი ვერ შეიკავა და ე.წ. „ბურნაუთებისა“ და დონატების კეთება დაიწყო, რითაც ყურადღება მიიქცია. თუმცა, ყველაზე ირონიული ისაა, რომ სანამ პოლიცია რეალურად შემოარტყამდა ალყას ტერიტორიას, ეს „ხულიგნები“ უკვე გაქცეულები იყვნენ, ჯოხი კი მათზე გადატყდა, ვინც უბრალოდ სურათების გადასაღებად დარჩა.
კულტურული ფენომენი vs მკაცრი კანონი
ლოს-ანჯელესის მდინარის ბეტონის კალაპოტი საავტომობილო სამყაროსთვის წმინდა ადგილია. Midnight Club, Fast & Furious, Gone in 60 Seconds — ამ ლოკაციამ შექმნა LA-ის ქუჩის კულტურის ვიზუალური იდენტობა. ბევრი ენთუზიასტი ამტკიცებდა, რომ ეს საჯარო სივრცეა, თუმცა კანონი აქ უმკაცრესია: ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით შესვლა ამ წყალგამყოფ არხში, რომელიც აშშ-ის არმიის საინჟინრო კორპუსის მიერ კონტროლდება, განიხილება, როგორც უკანონო შეჭრა.
LAPD-ის სპეციალურმა ჯგუფმა ზუსტად იცოდა, სად და როგორ ემოქმედა. შედეგად, დაახლოებით 90-მდე ადამიანი დააკავეს, ხოლო 72 ავტომობილი და მოტოციკლი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

მონაწილეები ჩივიან, რომ მდინარეში შესასვლელთან არსებული ამკრძალავი ნიშნები პატარა, თითქმის შეუმჩნეველი იყო და პოლიციის მხრიდან მხოლოდ აკრძალულ ლოკაციაზე ყოფნის გამო მანქანების მასობრივი კონფისკაცია გადამეტებული სასჯელია.
ლოს-ანჯელესის კანონმდებლობით, თუ ავტომობილს 30-დღიანი საჯარიმო პატიმრობა მიესჯება, მისი გამოყვანა, საავტომობილო ჯარიმებისა და ყოველდღიური სადგომის გადასახადის გათვალისწინებით, 3 000 დოლარამდე ჯდება. ეს კი უბრალო ფოტო-სესიისთვის კატასტროფულად დიდი ფასია.