70 წლის შემდეგ, Toyota-მ ევროპელების „დახურულ კლუბში“ შეაღწია | რომელი მოდელები გაგზავნა მან იტალიაში?
ლეგენდარული იტალიური რბოლა 1000 Miglia ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ევროპული ავტომწარმოებლების სამფლობელოს წარმოადგენდა. ამ რბოლის ისტორიას იტალიაში Alfa Romeo, Ferrari, Lancia და Maserati წერდნენ, რომლებიც გერმანიიდან Mercedes-ის, BMW-ისა და Porsche-ს კონკურენციას აწყდებოდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ქალაქ ბრეშიაში წელს ამ ევროპულ ისტორიას ახალი თავი შეემატება, რომლის მთავარი შემოქმედიც, წესით, არავის გაუკვირდება, რომ იაპონური Toyota გახლავთ.

შედეგად, Toyota პირველი იაპონური ავტომწარმოებელი გახდა, რომელიც 1000 Miglia Gran Turismo Experience-ში ოფიციალურად ჩაერთო და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება ჯერ მხოლოდ საპარტნიოროა, იაპონელები მას, როგორც სჩვევიათ, დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ. Toyota-მ თავის ისტორიულ ავტოპარკს გადახედა და იტალიის მიმართულებით ხუთი გამოჩენილი ავტომობილი გაგზავნა.
ახალი GR GT შერჩეულ ავტომობილებს შორის ვერ მოხვდა, რის გამოც ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდა ავტომობილის სტატუსი Lexus LFA-ს ეკუთვნის. 2010 წელს გამოშვებული მოდელი ატმოსფერული V10 ძრავითაა აღჭურვილი და 553 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Toyota-მ LFA ნიურბურგრინგზე შეიმუშავა, რის შემდეგაც ავტომობილმა ამავე ტრასის 24-საათიან რბოლაში თავის კლასში ხუთი გამარჯვება მოიპოვა.

იტალიისთვის შერჩეულ მოდელებს შორისაა Toyota Supra-ს ლეგენდარული A80 თაობა — სპორტქარი, რომელმაც 90-იანი წლები განსაზღვრა და იაპონიის გრან ტურიზმის ჩემპიონატშიც, რომელსაც მოგვიანებით Super GT ეწოდა, Toyota არაერთგზის ასახელა. ამ მოდელის შემდგომ, Toyota-მ 80-იანი და 70-იანი წლები სრულად გამოტოვა და პირდაპირ 60-იანებში გადავიდა. 2000GT დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და დახვეწილ მოდელად რჩება და დიდი მოთხოვნითაც სარგებლობს. ატმოსფერული 2-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილმა გრან ტურერმა თავის დროზე არაერთი რეკორდი დაამყარა.
კიდევ ერთი მოდელი Toyota Sports 800-ია — კომპაქტური სპორტქარი, აეროდინამიკური ფორმებითა და მოკრძალებული ძრავით, რომელიც 44 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ მოდელის სარბოლო ვერსიამ 1966 წელს სუზუკას სადებიუტო 500-კილომეტრიან რბოლაში გაიმარჯვა ისე, რომ საწვავის შესავსებად ერთხელაც არ გაჩერებულა.

და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ვახსენოთ ავტოპარკის ყველაზე ხანდაზმული წევრი — Crown Model RS-ის პირველი თაობა, რომელიც იაპონელებმა 1955 წელს წარადგინეს. ეს უკანასკნელი პირველი, სრულად იაპონიაში წარმოებული სამგზავრო მანქანა გახლდათ. ამ მოდელმა 1956 წელს ლონდონიდან ტოკიომდე 50 000 კილომეტრი დაფარა.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
1000 Miglia იყო საავტომობილო რბოლა, რომელიც იტალიაში 1927-დან 1957 წლამდე იმართებოდა, მისი დისტანცია კი, დაახლოებით, 1 600 კილომეტრს შეადგენდა. დღეს, ამ ისტორიულ რბოლაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ ავტომობილებს აქვთ, რომლებიც თავდაპირველ რბოლებში ასპარეზობდნენ. თუმცა, მოგვიანებით მას დამხმარე პროექტი — 1000 Miglia Gran Turismo Experience დაემატა. მიმდინარე წელს ღონისძიებაში Toyota-ს მონაწილეობა ევროპულ ისტორიულ ავტოსპორტსა და იაპონურ ავტოკულტურას შორის კულტურული გაცვლის ხელშეწყობას ემსახურება.