ფორმულა 1, ლუის ჰამილტონი, მაქს ფერსტაპენი, ლანდო ნორისი, შარლ ლეკლერი, ფორმულა 1-ის პილოტები, ვალტერი ბოტასი
Aa
Aa

რატომ ცხოვრობს Formula 1-ის თითქმის ყველა მრბოლელი მონაკოში?

შარლ ლეკლერი, მაქს ფერტაპენი, ლანდო ნორისი, ლუის ჰამილტონი, ვალტერი ბოტასი — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია Formula 1-ის მრბოლელების, რომლებიც საცხოვრებლად მონაკოს ირჩევენ. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი მარტივია: საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მონაკო სუპერქარებით, მდიდრული ობიექტებითა და სანაპიროსთან ჩამწკვრივებული იახტებით ყველასთვის საოცნებო ადგილი იქნებოდა, მაგრამ რეალურად, F1-ის პილოტების გადაწყვეტილების უკან რამდენიმე ძირითადი ფაქტორიც იმალება.

ასევე იხილეთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, მონაკოს საგადასახადო სისტემაა. ეს უკანასკნელი სხვა ევროპულ ქვეყნებში არსებული მექანიზმისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან აქ ფიზიკური პირებისთვის საშემოსავლო, სიმდიდრის თუ კაპიტალის გადასახადი უბრალოდ არ არსებობს. თუმცა, მონაკოს კანონმდებლობით, არსებობს ორი კონკრეტული ჯგუფი, რომელიც მაინც იბეგრება: საფრანგეთის მოქალაქეები და ის კომპანიები, რომელთა საერთაშორისო საქმიანობიდან მიღებული მოგება მთლიანი ბრუნვის 25%-ს აღემატება.“

საფრანგეთთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, მონაკოში მცხოვრები ფრანგები ზუსტად ისევე იბეგრებიან, როგორც თავიანთ ქვეყანაში — გარდა საჯარო მოხელეებისა, მონაკოს მოქალაქეებთან ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისა. შესაძლოა იფიქროთ, რომ არაფრანგ Formula 1-ის პილოტებსაც აქვთ ფინანსური სტიმული სწორედ მონაკოში იცხოვრონ და თავიანთი გამომუშავებული მილიონებიც სრულად შეინარჩუნონ, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.

ცნობილი ადამიანებისთვის პირადი ცხოვრებისა და სივრცის დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს პატარა სახელმწიფო კი მათ სრულ გარანტიას აძლევს, რომ აქ ცხოვრებას პაპარაცებისგან შორს, მშვიდად და წყნარად შეძლებენ. სამთავროში პირადი მონაცემებისა და სივრცის დაცვის რეგულაციები მუდმივად მკაცრდება; მათ შორის, სასტუმროებსა და კაზინოებში სტუმრების უნებართვო ფოტო და ვიდეოგადაღება კატეგორიულად იკრძალება, რაც ვარსკვლავებისთვის დამატებითი კომფორტის გარანტიაა.

„ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ ჩვენს სტუმრებს შეეძლოთ ვახშმობა, აზარტული თამაშებით გართობა ან თუნდაც დასვენება იმის შიშის გარეშე, რომ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მთელი მსოფლიო ნახავს“, — აცხადებს ინსაიდერი ჟურნალ Monaco Residents Magazine-თან საუბარში.

ეს ყველაფერი არ არის. თუ მონაკოს კანონმდებლობა რიგითი ტურისტების მიმართ, რომლებიც თავიანთი iPhone-ით ცდილობენ საინტერესო კადრების დაფიქსირებას, შედარებით რბილად უდგება, პაპარაცებს მუშაობას, პირიქით, სრულად უკრძალავს. გასაკვირი არ არის, რომ ვარსკვლავები აქ თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ.

და ბოლოს, მონაკოსა და Formula 1-ს შორის არსებული განუყრელი კავშირიც არ უნდა დავივიწყოთ. შეუძლებელია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ მონაკო და Formula 1 ერთმანეთთან უწყვეტად არიან გადაჯაჭვულნი. მონაკოს გრან-პრი კვლავ რჩება ამ სპორტის ყველაზე პრესტიჟულ და საკულტო რბოლად. საბოლოო ჯამში, F1-ის პილოტების არჩევანს ძალიან მარტივ ფორმულამდე მივყავართ: საგადასახადო შეღავათები, აბსოლუტური კონფიდენციალურობა და ცხოვრება ტრასის შუაგულში, სადაც F1-ის ისტორია იწერება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები