BMW-მ ახალი M Concept Neue Klasse წარადგინა
ამ უქმეებზე, ლე-მანის 24-საათიანი რბოლის პარალელურად, მულსანის სწორ მონაკვეთზე სარბოლო მანქანების ღმუილის ფონზე, BMW-მ თავისი უახლესი კონცეპტუალური მოდელი — M Concept Neue Klasse წარმოადგინა.
ოფიციალურად, BMW ამ ავტომობილს თავისი M ბრენდის მომავალი დიზაინის ენის გზამკვლევს უწოდებს. არაოფიციალურად კი, თქვენ, სავარაუდოა, რომ სრულიად ახალი, სრულიად ელექტრონული i3-ის პროტოტიპურ M ვერსიას უყურებთ. და როგორც ჩანს, მომავლის BMW M მოდელები ძალიან საინტერესო მიმართულებას ირჩევენ.
ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
პირველი, რასაც M Concept Neue Klasse-ის შეხედვისას შეამჩნევთ (გარდა თვალისმომჭრელი წითელი შეფერილობისა), არის საფირმო ცხაურში ინტეგრირებული ყვითელი წინა განათება. ეს ტონალობა ნაწილობრივ აღებულია BMW-ს GT სარბოლო ავტომობილებიდან და ჰიპერქარიდან — BMW M Hybrid V8, რომლებიც მსგავს განათებას ღამის რბოლებისას იყენებენ. ეს ახალი მანქანის ოპტიკა იქნება ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი BMW-ს სტანდარტულ საგზაო მოდელებსა და მომავალ M ვერსიებს შორის.

BMW M-ის დიზაინერებმა წინა ბამპერის ქვედა ნაწილისთვის შთაგონება სპორტის სხვა სახეობიდან — იახტების რბოლიდან მიიღეს. სამნაწილიანი დიზაინი აღებულია მაღალსიჩქარიანი ტრიმარანებიდან და კატამარანებიდან. ეს ელემენტი წინა სპლიტერის სტრუქტურულ საყრდენს წარმოადგენს. ბამპერის ამ ახალ დიზაინს გვერდებიდან გასდევს Track Lights-ის ტიპის მაშუქების ორი წყვილი — კიდევ ერთი სამგანზომილებიანი დეტალი, რომელიც მომავალ BMW M ავტომობილებზე გამოჩნდება.
ნაცვლად იმისა, რომ თითო ღერძზე თითო ძრავი გამოიყენოს, BMW აცხადებს, რომ M Concept Neue Klasse აღჭურვილია ახალი ოთხძრავიანი BMW M eDrive სისტემით, რომელიც დაფუძნებულია მეექვსე თაობის ტექნოლოგიაზე. ეს სისტემა მართავს არა მხოლოდ თითოეულ ძრავს, არამედ თითოეულ სამუხრუჭე სუპორტსაც. თეორიულად, ეს მძღოლს მოსახვევებში ისეთი სიზუსტითა და სიჩქარით შესვლის საშუალებას მისცემს, როგორიც არცერთ M მოდელს მანამდე არ ჰქონია.

უკანა ნაწილში დიზაინი კიდევ უფრო თამამი და ექსცენტრული ხდება: საბარგულის სახურავი და გაფართოებული ფრთები ერწყმის ე.წ. „იხვის კუდის“ სტილის სპოილერს. თუმცა, ეს სპოილერი შუაში გაყოფილია და ქმნის სივრცეს BMW-ს ემბლემისთვის. უკანა ბამპერი წინა ნაწილის იახტისეულ სტილს იმეორებს.
სალონი ზუსტად ისეთია, როგორიც BMW M მოდელს შეეფერება. ის სრულად მძღოლზეა ორიენტირებული. ახალი დიზაინის სპორტული სავარძელი შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლი და მგზავრები მაქსიმალურად მყარად დააფიქსიროს ამ მძლავრ სედანში. მათი კონსტრუქციაც, ნახშირბადის ბოჭკოს ნაცვლად, ნატურალური კომპოზიტური მასალებისგანაა დამზადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეს დიზაინერული ელემენტი მომავალ M მოდელებში ნამდვილად გადავა, M Concept Neue Klasse მაინც პროტოტიპია და სერიულ წარმოებამდე ზოგიერთი დეტალი აუცილებლად შეიცვლება. თუმცა, ძარას ფორმა, ინტერიერი და ახალი ოთხძრავიანი M eDrive სისტემა ძალიან მარტივად შეიძლება ვიხილოთ კონვეიერზე შემდგარ ავტომობილში. სერიულ ავტომობილს კი 2027 წლისთვის უნდა ველოდოთ.