Porsche ელექტრო 911-ის გამოშვებაზე არ მუშაობს | გერმანელებს სულ სხვა გეგმები აქვთ
გერმანულ ავტომწარმოებელს 911-ის მოყვარულთათვის კარგი ამბავი აქვს. როგორც ახლახან Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხაელ ლაიტერსმა დაადასტურა, კომპანია ლეგენდარული სპორტქარის ელექტროვერსიაზე ამჟამად არ მუშაობს და მისი შიგაწვის ძრავით შენარჩუნება იგეგმება.
ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეს განცხადება გერმანული გამოცემა, Auto Motor und Sport-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ლაიტერსი აღნიშნული განცხადებისას საკმაოდ კატეგორიული ჩანდა, რთულია გადაჭრით იმის თქმა, Porsche-ს CEO-მ ელექტრო 911-ის გამოშვება მხოლოდ უახლოეს პერიოდში გამორიცხა, თუ მსგავსი რამ გეგმაში გერმანელებს საერთოდ არ აქვთ.

აქვე გამოცემები აღნიშნავენ, რომ ლაიტერსის ეს განცხადება თითქოს ერთგვარი დასტურია იმისა, რომ 911-ის იდენტობა მჭიდრო კავშირშია ავტომობილის უკანა მხარეს ჩადგმულ ექვსცილინდრიან ძრავასთან, უნიკალურ ხმასთან და იმ მართვის გამოცდილებასთან, რომელიც მრავალ ავტომოყვარულს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
ფაქტია, ელექტროაგრეგატით მისი ჩანაცვლების ნაცვლად, Porsche ჰიბრიდული ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ეს უკანასკნელი კი, გერმანელებს საშუალებას მისცემს, თან სპორტქარის მუშაობა გააუმჯობესონ და ამავდროულად, 911-ის ის ხასიათი შეინარჩუნონ, რომლითაც ეს მოდელი ცნობილი გახდა.

გერმანული გიგანტის ეს მიდგომა უკვე საკმაოდ კარგად ჩანს ახალ მოდელებში, რომლებიც ელექტრიფიკაციას Porsche-ს ტრადიციულ ინჟინერიასთან აერთიანებენ. ამის პარალელურად, Porsche თავისი ელექტრომობილების ხაზის გაფართოებასაც განაგრძობს, როგორებიცაა Taycan-ი და Macan Electric-ი, თუმცა, როგორც ჩანს, 911 იმ იშვიათ გამონაკლისებს შორისაა, რომლის იდენტობის შესანარჩუნებლადაც Porsche ბრძოლას აპირებს.