BMW-მ პოტენციურ მყიდველებს შეჯავშნული ავტომობილების გამოცდის საშუალება მისცა
მაშინ, როდესაც საქმე საუკეთესოდ დაცულ, შეჯავშნილ ავტომობილების წარმოებას ეხება, ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ მის შესაქმნელად ავტომწარმოებლებს მესამე მხარის — ამ სფეროში სპეციალიზებული კომპანიის — დახმარება სჭირდებათ. თუმცა გერმანული ავტომწარმოებელი, BMW, ოთხ ათწლეულზე მეტია, ამ საქმეს თავად უძღვება და საუკეთესო შედეგების მისაღებად არც დიდძალ თანხებს იშურებს.

ამჟამად გერმანული ავტომწარმოებელი მომხმარებელს მეშვიდე სერიისა და X5-ის გაძლიერებულ, შეჯავშნულ ვერსიებს სთავაზობს. გასულ თვეში BMW-მ რვა ევროპული ქვეყნიდან 67 პოტენციური მყიდველი მიიწვია და თავისი შეჯავშნული ავტომობილების გამოცდის საშუალება მისცა. სავარაუდოდ, ტესტირების მონაწილეები ექსკლუზიურად კერძო სექტორიდან იყვნენ შერჩეულნი და ის პირები გახლდნენ, რომლებიც რეალურად გეგმავენ BMW-ს ან სხვა კომპანიისგან მსგავსი მანქანების მთელი ავტოპარკის შეძენას.
როგორც ჩანს, გერმანულ ავტომწარმოებელს სურდა, ყველასთვის ეჩვენებინა, თუ რამდენად კარგად მუშაობენ მისი შეჯავშნული მეშვიდე სერია და X5 იმის მიუხედავად, რომ ისინი სტანდარტულ მოდელებზე ბევრად მეტს იწონიან. შედარების უკეთ საჩვენებლად კი გადაწყვიტეს, ტესტირებისას მათთან ერთად სტანდარტული სედანები — 740d და 750e — და ქროსოვერები: X5 50e, X5 40d და X5 M გამოეყვანათ.

მონაწილეებს ასევე მიეცათ საშუალება, თავადვე ეხილათ, თუ როგორ იმკლავდებიან ეს მოდელები საგანგებო სიტუაციებისას დამუხრუჭებას, X5 კი პირდაპირ უგზოობის პირობებში გამოცადეს. ტესტირებების სერია ჩეხეთში, ქალაქ სოკოლოვში, BMW-ს განვითარების ცენტრში ჩატარდა, ხოლო პროცესს გერმანიიდან და ჩეხეთიდან მოწვეული, სპეციალურად მომზადებული ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
ცნობისთვის, BMW-მ თავისი ამჟამინდელი მეშვიდე სერიისა და X-ის Protection-მოდელები 2023 წელს გამოუშვა. საინტერესოა, რომ ორივე მოდელის შემთხვევაში დამცავი ფუნქციები ვიზუალურად შენიღბულია, რის ხარჯზეც ისინი თავიანთ სტანდარტულ ვერსიებს ჰგვანან. თუმცა, რეალურად ისინი ერთმანეთისგანაც კი ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, BMW X5 Protection-ი VR6 ბალისტიკური დაცვის დონეს გვთავაზობს, რომელიც ძირითადად ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

BMW 7-Series Protection-ი კი, VR9-ის დაცვას უზრუნველყოფს — უმკლავდება ხანგრძლივ თავდასხმებს როგორც ცეცხლსასროლი იარაღიდან, ისე ასაფეთქებელი მოწყობილობებიდან. მოდელი BMW-ს mild-ჰიბრიდი, 4.4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 523 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. დამატებით, ავტომწარმოებელი მის სრულად ელექტრულ, i7-ვერსიასაც გვთავაზობს, რომელიც ბრენდის ტოპ-მოდელის, M70 xDrive-ის ბაზაზეა აწყობილი.